პომპეუსის ლაშქრობა ქართლში

რომმა თანდათან გაფართოება დაიწყო. მან დაიპყრო გალია, დასავლეთ იბერია (თანამ. ესპანეთი), ბრიტანეთი, მაკედონია, საბერძნეთი, სირია. ეგვიპტე. აღმოსავლეთში მისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეზობელი პონტოს სამეფო იყო. ძვ. წ. I საუკუნისთვის აღმოსავლეთში პონტოს სამეფოსთან ომები დაიწყო. ამ დროს პონტოს მეფე იყო მითრიდატე VI ევპატორი. მითრიდატეს ემორჩილებოდა დასავლეთ საქართველო, ხოლო მისი მოკავშირეები იყვნენ სომხეთის მეფე ტიგრან II დიდი (ძვ.წ 95–56), იბერიის (ქართლის) მეფე არტაგი და ალბანეთის მეფე. რომაელებმა ჯერ მითრიდატე დაამარცხეს, შემდეგ ტიგრანი დაიმორჩილეს. ძვ.წ. 65 წელს რომაელთა სარდალი გნეუს პომპეუსი ქართლს (იბერიას) მოადგა. როგორც რომული ისტორიკოსები გადმოგვცემენ, იბერები მტკვრის ორივე სანაპიროზე ცხოვრობენ. მეფე არტაგმა მოციქულები გაუგზავნა პომპეუსს, რათა ის დაებრკოლებინა, თავად კი ომისთვის მზადება დაიწყო. ეს პომპეუსმა შეიტყო და მოულოდნელად თავს დაესხა იბერთა ციხეს. არტაგმა მოასწრო გაქცევა და მდინარე მტკვარზე გადებული ხიდის განადგურება. შემდეგ კვლავ გაუგზავნა ელჩები. ის კისრულობდა ხიდის აღდგენას და პომპეუსის ჯარის სურსათით მოამრაგებას. ეს პირობა არტაგმა შეასრულა, მაგრამ როგორც კი პომპეუსის ჯარი მეორე ნაპირზე გადმოვიდა, არტაგს შეეშინდა, მდინარე არაგვზე გადავიდა და ეხლა იქ გადებული ხიდი დაწვა. მისი ჯარისკაცები, რომლებმაც გაქცევა ვერ მოასწრეს ტყეს შეეფარნენ და მაღალი ხეებიდან რამდენიმე დღის მანძილზე ისრებით მტერს ანადგურებდნენ. შემდეგ რომაელებმა ხეები მოჭრეს და ისინი დახოცეს.საბოლოოდ არტაგი და პომპეუსი მაინც დაზავდნენ. არტაგმა მას შვილები გაუგზავნა მძევლად, ხოლო საჩუქრებად – ოქროს სარეცელი, მაგიდა და სამეფო ტახტი. იბერთა მეფე გამოცხადდა „რომის მეგობრად და მოკავშირედ“.