II მსოფლიო ომი

1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს ( II მსოფლიო ომის დასაწყისი). 3 სექტემბერს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადეს გერმანიას, თუმცა აქტიური საბრძოლო მოქმედებები მათ შორის პრაქტიკულად არ დაწყებულა. დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს იმედი ჰქონდათ, რომ გერმანია აგრესიას აღმოსავლეთით სსრკ-სკენ მიმართავდა და კვლავ დაშოშმინების პოლიტიკას აგრძელებდნენ. ამ პერიოდს 1939 წლის სექტემბრიდან 1940 წლის მაისამდე „უცნაური ომი“ ეწოდა.

1939 წლის 28 სექტემბერს პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა დაეცა. მანამდე, 17 სექტემბერს მოლოტოვ– რიბენტროპის პაქტის შესაბამისად საბჭოთა არმიამ დაიწყო აღმოსავლეთ პოლონეთის ოკუპაცია. 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა ჯარები ფინეთში შევიდნენ. ფინეთის არმიამ მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საბჭოთა არმიამ 200 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა; ფინეთმა დაკარგა 25 ათასი ადამიანი. 1940 წლის 12 მარტს დაიდო ზავი, რომლის თანახმად ფინეთმა სსრკ–ს გადასცა კარელიის ნაწილი. ამ ომის გამო სსრკ ერთა ლიგიდან გარიცხეს. 1940 წლის გაზაფხულზე გერმანული ჯარები ჯერ დანიაში, შემდეგ კი ნორვეგიაში შეიჭრნენ. გერმანიას აინტერესებდა ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი, რესურსები და გეოპოლიტიკური მდებარეობა. დანიამ კაპიტულაცია 1 დღეში გამოაცხადა; გერმანიამ ნორვეგიაც მალე დაიპყრო და ხელისუფლება ადგილობრივ ფაშისტს ვიდკუნ კვისლინგს ჩააბარა. 1940 წლის 10 მაისს გერმანიამ შეტევა დაიწყო ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის მიმართულებით. დასავლეთ ფრონტი გერმანიის მხრიდან გამაგრებული იყო ზიგფრიდის, ხოლო საფრანგეთის მხრიდან მაჟინოს ხაზით. გერმანულმა არმიამ გვერდი აუარა მაჟინოს ხაზს და 17 მაისს ბრიუსელი (ბელგია) აიღო; 20 მაისს ფრანგულ ქალაქ კალემდე მიაღწია და დიუნკერკის მიდამოებში ალყაში მოაქცია 340 ათასიანი ფრანგულ– ბრიტანული არმია. 14 ივნისს გერმანელებმა პარიზი დაიკავეს, ხოლო 22 ივნისს კომპიენის ტყეში, იმავე ვაგონში საფრანგეთის მარშალმა პეტენმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი.. საზავო ხელშეკრულების თანახმად საფრანგეთის ჩრდილოეთი გერმანიის მიერ იქნა ოკუპირებული, ხოლო სამხრეთ ნაწილში შენარჩუნდა მთავრობა მცირე არმიით. საფრანგეთის ფლოტი განაიარაღეს, ხოლო მისი კოლონიები გერმანიის კონტროლქვეშ უნდა გადასულიყო. „ელვისებური ომი“ ანუ „Blitzkrieg“ სულ 6 კვირას გაგრძელდა. ევროპაში გერმანიის მეტოქედ დიდი ბრიტანეთიღა რჩებოდა. გერმანელებმა შეიმუშავეს სამხედრო გეგმა კოდური სახელწოდებით „ზღვის ლომი“, რომელიც საჰაერო შეტევებით ბრიტანეთის სამხრეთის დაბომბვას და მისი ავიაციის განადგურებას გულისხმობდა. 1940 წლის მაისში დაშოშმინების პოლიტიკის მთავარი შემოქმედი ჩემბერლენი გადადგა და პრემიერ-მინისტრი გახდა აქტიური საბრძოლო მოქმედებების მომხრე უინსტონ ჩერჩილი. 1940 წლის ზაფხულში გერმანულმა ავიაციამ ბრიტანული ნავსადგურების და ქარხნების დაბომბვა დაიწყო. დაბომბვის შემდეგ გერმანული ფლოტი ლა მანშზე უნდა გადასულიყო და ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროზე გამაგრებულიყო. მაგრამ ბრიტანულმა ავიაციამ ეფექტური კონტრშეტევა განახორციელა და დაიწყო გერმანული ქალაქების დაბომბვა. ეს ბრძოლები 2 თვეზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ორივე მხარე აიძულა დაბომბვები შეეწყვიტა.

1940 წლის ზაფხულში ბენიტო მუსოლინიმ მოკავშირეთა ქვეყნებს ომი გამოუცხადა. შემოდგომაზე იტალია ალბანეთის ტერიტორიიდან საბერძნეთს დაესხა თავს, მაგრამ მისმა არმიამ ბერძნების კონტრშეტევას ვერ გაუძლო და უკან დაიხია. 1941 წლის აპრილში გერმანელებმა იტალიელთა დასახმარებლად ბალკანეთზე შეტევა დაიწყეს. მათ იუგოსლავია, შემდგომ საბერძნეთიც დაიპყრეს. 1940 წლის 22 სექტემბერს გერმანიამ, იტალიამ და იაპიონიამ ხელი მოაწერეს სამთა პაქტს, რაც ომის დროს შეთანხმებულად მოქმედებას და გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს მათ შორის გადანაწილებას გულისხმობდა.

1940 წლის ბოლოდან გერმანიასა და სსრკ-ს შორის წინააღმდეგობა გამოიკვეთა. დეკემბერში გერმანიამ შეიმუშავა გეგმა “ბარბაროსა” (ფრიდრიხ ბარბაროსას საპატივსაცემოდ). გეგმა საბჭოთა კავშირზე ელვისებურ თავდასხმას და მისი არმიის დიდი ბრიტანეთის დამარცხებამდე განადგურებას ითვალისწინებდა. 1941 წლის 22 ივნისს დილის 4 საათზე სსრკ-ს თავს დაესხა დაახლოებით 150 გერმანული დივიზია. სსრკ ამ შეტევას მოუმზადებელი შეხვდა და 2 დღეში გერმანული ჯარები 230 კმ-ის სიღრმეში შეიჭრნენ. გერმანელები ნოემბერში მოსკოვს 25-30 კმ-ზე მიუახლოვდნენ და დეკემბერში კრემლის კედლებს დურბინდით ხედავდნენ. მაგრამ დიდი გმირობის ფასად საბჭოთა ჯარებმა მოიგერიეს გერმანელთა შეტევა და მათუკან დაახევინეს (საბჭოთა დაზვერვამ შეიტყო რომ იაპონია არ აპირებდა სსრკ-ზე თავდასხმას და ციმბირული დივიზიები მოსკოვთან გადმოიყვანეს).

ომის დაწყების დღიდან აშშ ნეიტრალიტეტს იცავდა, თუმცა დიდ ბრიტანეთს ფარულ დახმარებას მაინც უწევდა. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის ავიაცია მოულოდნელად თავს დაესხა აშშ-ს წყნარი ოკეანის მთავარ ბაზას - პერლ-ჰარბორს(ჰავაის კუნძულებზე). მათ გაანადგურეს 19 სამხედრო გემი(მათ შორის 5 სახაზო), 188 თვითმფრინავი და 2400-2500 ადამიანი. აშშ-მ და ინგლისმა ომი გამოუცხადეს იაპონიას, ხოლო გერმანია იძულებული გახდა საპასუხოდ ომი გამოეცხადებინა აშშ-სთვის. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა “დიდი სამეულის” ალიანსი – აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ, რომელსაც 1942 წლის 1 იანვარს შეუერთდა კიდევ 23 სახელმწიფო. მათ ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული ერების შესახებ. ეს დეკლარაცია მიმართული იყო გერმანიის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. ეს ქვეყნები ვალდებულებას იღებდნენ ომში დახმარებოდნენ ერთმანეთს. ფაქტიურად ამ აქტმა 4 წლის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნას დაუდო საფუძველი. 1942 წლისათვის მოკავშირე ქვეყნები “სამთა პაქტის” ქვეყნებზე 3-ჯერ მეტ თვითმფრინავს და 10-ჯერ მეტ ტანკს აწარმოებდნენ.