განთიადი - მხატვრული ანალიზი
ა.წერეთლის ლექსი “განთიადი” იწყება მთაწმინდით, რომელიც შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავს. ცისკრის ვარსკვლავში იგულისხმება ბეთლემის ვარსკვლავი, რომელმაც ახარა კაცობრიობას იესოს, მხსნელის დაბადება. ლექსში, მთაწმინდა იძენს ადამიანურ თვისებებს და გაჩუმებული უსმენს მტკვარს, რომელიც რაინდს, დიმიტრი ყიფიანს ნანას უმღერის. გულში ჩაუკრავს მთაწმინდას გმირების საფლავები, რომლებიც შთამომავლობას უნდა გადაეცეს და დავით გარეჯელს შესთხოვს, რომ უშუამავლოს საქართველოს მოყვარეს ღმერთთან.
პოეტი საქართველოს ცას და მიწას ადარებს ფირუზს და ზურმუხტს, რომელსაც შესწევს ძალა, ნოსტალგიით და სულიერი მარტოობით დაავადებული ადამიანის განკურვნა. აკაკი სულიერად ამაღლებულია, რადგან ის დაბრუნდა სამშობლოში და ნახა თავისი მზე, მთვარე და ვარსკვლავები, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის.
მგოსანს კვლავ დაუბრუნდა ხალისი და სამშობლოს ნახვით გაბედნიერდა. ლექსის ლირიკული გმირი არის პატრიოტი და იგი სამშობლოსთვის თავგანწირულია, სანაცვლოდ კი მოითხოვს, რომ მისი მშობლიური მხარის კალთას არასდროს მოსცილდეს. საბოლოოდ კი მისი დატოვებული ანდერძით, საქართველოს აფიცებს და ევედრება, რომ სამშობლოს მიწას მიებაროს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ბედნიერია სამშობლოში და მისი განთიადი და იმედი თვითონ სამშობლოა. ლექსი რეალიზებულია მეტაფორებით, ალუზიებით, გაპიროვნებებით და ეპითეტებით.