სიახლეები 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში

სიახლეები 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში

ისტორიის ტესტი 
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში არსებული №22, 23, 24 დავალებების ნაცვლად საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება, რომელიც იმავე უნარებს შეამოწმებს, რასაც ეს დავალებები ამოწმებდა. კერძოდ:
 
  • ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა;
  • ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა;
  • ისტორიული მოვლენების შეფასების უნარი;
  • ისტორიული მოვლენების/ფაქტების კრიტიკული გააზრების უნარი;
  • არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
  • შეფასების უნარი.
ამ შემთხვევაში საუბარია ტესტის განსხვავებული ფორმატისა და არა არსობრივ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებაზე, რაც უფრო მოქნილს, საინტერესოს და კომპლექსურს გახდის დავალებას. ერთ ისტორიულ მოვლენაზე ფოკუსირებულ აბიტურიენტს შეეძლება უფრო ვრცლად და არგუმენტირებულად იმსჯელოს მოცემულ თემატიკაზე და უკეთ გამოავლინოს ზემოთ ჩამოთვლილი უნარები. 
ახალი ფორმატის დავალებაში მოცემულია დავალების პირობა, რომელსაც აბიტურიენტები გულდასმით უნდა გაეცნონ, შემდეგ კი ქვეკითხვების მიხედვით   უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები წარმოდგენილ თემაზე. დავალება 6 ქულიანია. ტესტის მაქსიმალური ქულა არ შეიცვლება (60). საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კვლავ 2 საათი და 40 წუთი იქნება.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს. 
 
 
დავალების ნიმუში
 
1642 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ I-მა ლონდონი დატოვა. დაიწყო ომი მეფესა და პარლამენტს შორის. 
 
(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.
(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს დაპირისპირება, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის მომტანი, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.
 
იხილეთ მოცემული დავალების ქვეკითხვებთან დაკავშირებული თანდართული დაზუსტება-განმარტებები:
1. დავალების პირობებში დაკონკრეტებული იქნება მიზეზის ტიპი, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ., საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე. 
2. დავალების პირობებში დაკონკრეტებული იქნება რა ტიპის შედეგზეა საუბარი, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ., საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.
3. არგუმენტირების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. გარდა ამისა, დადებითი ქულით არ შეფასდება ზოგადი ხასიათის პასუხი/არგუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა საკითხს „მოერგება“. მაგალითად: კარგი/ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ., პროგრესული/ დადებითი  ან უარყოფითი იყო და ა. შ.). ამგვარი ზოგადი პასუხები არ შეფასდება.
4. არგუმენტირების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. გარდა ამისა, დადებითი ქულით არ შეფასდება ზოგადი ხასიათის პასუხი/არგუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა საკითხს „მოერგება“. მაგალითად: კარგი/ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ., პროგრესული/ დადებითი  ან უარყოფითი იყო და ა. შ.). ამგვარი ზოგადი პასუხები არ შეფასდება.
5. ანალოგიის დამადასტურებელი მსჯელობის/ფაქტების დასახელების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას.
 
მათემატიკის ტესტი
 
2023 წელს მათემატიკის ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისაგან. ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი,  კერძოდ მოცემული იქნება 37 არჩევითპასუხებიანი დავალება. ასევე იქნება 4 ღია, წერითი დავალება. ღია დავალებები იქნება სამქულიანი (2 დავალება) და ოთხქულიანი (2 დავალება). შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14. ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩება (51).
ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათია.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს. 
 
ნიმუში
 
უცხოური ენების ტესტი
 
უცხოური ენის ტესტების ფორმატში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
 
  • ტესტში შემოტანილია კომუნიკაციური სახის დავალება - დიალოგის შევსება.  ეს დავალება ჩაანაცვლებს წერის პირველ დავალებას - წერილს.  
  • ტესტიდან ამოღებულია მოსმენის პირველი დავალება. 2023 წელს მოსმენის უნარი შემოწმდება მხოლოდ 1 დავალებით, რომლის  სავარაუდო პასუხების რაოდენობა იქნება 4.
  • გრამატიკის ცოდნა შემოწმდება დახურული დავალებებით.  აბიტურიენტმა სწორი პასუხის ჩაწერის ნაცვლად, მოცემული 4 პასუხიდან უნდა აირჩიოს და პასუხების ფურცელზე მონიშნოს მხოლოდ ერთი, რომელიც სწორად მიაჩნია.
  • წერითი დავალების მოცულობა განისაზღვრა 120 – 170 სიტყვით.
 
ტესტის დავალებების საერთო რაოდენობა არის 7. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.  აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს. გამოცდის ხანგრძლივობა  იქნება 2 საათი და 30 წუთი. 
 
უცხოური ენის ტესტის განახლებული ფორმატის, თემის შეფასების კრიტერიუმების  და ახალი დავალებების ნიმუშების ნახვა შესაძლებელია კრებულში