UNESCO: თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია
UNESCO-ს ინიციატივით, ყოველწლიურად ერთ-ერთი ქალაქი წიგნის მსოფლიოდედაქალაქი ხდება.2021 წლის 23 აპრილიდან, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, ეს სტატუსი თბილისს მიენიჭება.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქი ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკებისა და გამომცემლების ხელშეწყობას.
რას მოუტანს ეს სტატუსი დედაქალაქს?
„არიან ქვეყნები, რომლებიც კონკურსში რამდენჯერმე იღებენ მონაწილეობას, თუმცა ვერ ახერხებენ ამ წოდების მიღებას, ჩვენ კი პირველივე ცდაზე შევძელით. ეს ჩვენი ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მწერლებისთვის, პოეტებისთვის. მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ მთელი წლის მანძილზე დაგეგმილ ღონისძიებებში. ასევე ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა დედაქალაქში და თბილისისა და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - ამბობს ქალაქის მერი კახა კალაძე.
დედაქალაქის მერიას, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, იმედი აქვს რომ ამ ღნისძების გამო თბილისში 2021 წელს 500 000-დან 1 000 000-მდე ტურისტი ჩამოვა.
ვის ვაჯობეთ კონკურსში?
15 პრეტენდენტი ქვეყნიდან სამი ფინალისტი დასახელდა: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო.
„’იუნესკოს’ შეფასებაში ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, რის გამოც არჩევენ გამარჯვებულ ქვეყანას, არის ის, თუ რამდენად მდგრადია პროექტი და რამდენად არის გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე. მაგალითად, ჩვენ თუ გავაკეთებთ საბავშვო ბიბლიოთეკას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დარჩება ქალაქს, ბიბლიოთეკები ახალი წიგნებით შეიარაღდება და ა.შ. ეს არის ერთ- ერთი შემადგენელი ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რომელიც უნდა განხორციელდეს“, -
გვეუბნება თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.
რა შეიცვლება დედაქალაქში ახალ სტატუსთან ერთად?
- გაიმართება წიგნის რამდენიმე ფესტივალი, კონფერენციები და კონკურსები;
- შეიქმნება აპლიკაციები და ინტერაქტიული წიგნები პატარებისთვის
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გაიხსნება წიგნის კუთხეები;
- ტურისტებისთვის შეიქმნება თბილისის ლიტერატურული რუკა, რომელზეც დატანილი იქნება მუზეუმები, გამომცემლობები, ლიტერატურული კაფეები
- შეიქმნება ცხელი ხაზი, სადაც მკითხველებს წიგნების თაობაზე რჩევებს მისცემენ;
- აუდიოწიგნები გაიჟღერებს რადიოში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
- შეიქმნება 24-საათიანი უფასო ბიბლიოთეკა.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი, საქართველოს „იუნესკოს“ საქმეთა ეროვნული კომისიის (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს. კონკურსში თბილისის გამარჯვება 7 ოქტომბერს UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ გამოაცხადა.
წელს წიგნის დედაქალაქი შარჟაა, რომელმაც სტატუსის მოპოვება მერვე ცდაზე მოახერხა. მეხუთე ცდაზე გაუმართლა მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურს. ის შარჟასგან ტიტულს 2020 წელს გადაიბარებს, თბილისი კი 2021 წელს, ერთი წლის მანძილზე, დაძმობილებული ქალაქების წარმომადგენლებსა და „იუნესკოს“ წევრებთან ერთად აუდიტორიას სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებს.