აბიტურიენტის მომზადების ფასები
საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გახდა ცნობილი, რომ სოფლებში აბიტურიენტთა ოჯახებს რეპეტიტორებთან თვეში 160-200 ლარის გადახდა უწევთ, დიდ ქალაქებში კი 350-400 ლარს იხდიან.
დიდ ქალაქებს შორის ერთ-ერთი, სადაც მომზადება ყველაზე ძვირი ჯდება ბათუმია - აქ ერთი საგნის ფასი თვეში 100 ლარიდან იწყება. საშუალოდ კი ასეთია: ინგლისური - 150 ლარი, ზოგადი უნარები - 100 ლარი, ქართული - 120 ლარი.
კახეთის ქალაქებსა და სოფლებში რეპეტიტორების ფასი სხვანაირია. მომზადება ყველაზე იაფი ახალსოფელშია, აქ ფასი 50-60 ლარის ფარგლებში მერყეობს. ადგილობრივი აბიტურიენტის თქმით, ის ქართულში 60 ლარად, ზოგად უნარებში 50 ლარად, ქიმია-ბიოლოგიაში კი 50 ლარად ემზადება, ისტორია-მათემატიკის თვიური მომზადების ფასი კი 50 ლარია.
წნორში ფასები 80-120 ლარის ფარგლებში მერყეობს. საშუალოდ კი თითო საგნის თვიური ფასი ასეთია: ქართული – 90, ინგლისური – 100, უნარები – 90, გეოგრაფია - 80 ლარი.
კახეთის ქალაქებს შორის ყველაზე ძვირი რეპეტიტორთან სიარული ლაგოდეხში ღირს, იქ ფასები 100 დოლარსაც კი აღწევს (კერძოდ, ინგლისურის მასწავლებელი 8 გაკვეთილში 100 დოლარს იღებს). საშუალოდ კი ფასები შემდეგნაირია: ქართული ენა და ლიტერატურა – 70 ლარი, უნარები – 100 ლარი, გეოგრაფია – 60 ლარი ღირს.
ქართლში კი საგნების ფასები 50-70 ლარის ფარგლებში მერყეობს. აქ საშუალოდ ფასები ასეთია: ქართული და გეოგრაფია - 60 ლარი, ქიმია - 50 ლარი, ზოგადი უნარები 50-70 ლარი.
ქართლ-კახეთთან შედარებით ძვირია მომზადება ქუთაისში, სადაც აბიტურიენტების ოჯახებს თითოეულ საგანში თვეში 80-150 ლარის გადახდა უწევთ. ფასები საშუალოდ ასეთია: ქართული -100 ლარი, ინგლისური - 120 ლარი, მათემატიკასა და უნარები ერთად (სრული კურსი) 900 დოლარსაც კი აღწევს.
რაც შეეხება ზუგდიდს, იქ აბიტურიენტები თანხას პროგრამაში ერთიანად იხდიან და არა ყოველთვიურად, რაც ჯამში დაახლოებით 4000 ლარია. ზუგდიდში სრული პროგრამების ფასი საშუალოდ ასეთია (წელიწადში): ქართული - 800 ლარი, ისტორია – 1000 ლარი, უნარების ვერბალური ნაწილი - 600, მათემატიკური -1000 ლარი, ინგლისური – 600 ლარი.
აბიტურიენტობა შედარებით იაფია გურიაში. აქ ქალაქებსა და სოფლებში ფასები თითქმის ერთნაირია და თითოეული საგნის ფასი 40-60 ლარის ფარგლებში მერყეობს.