ქრისტე აღდგა თუ აღსდგა?
ეს მეცხრამეტე საუკუნის მისალოცი ბარათებია. ეტყობა მაშინაც ამაზე ვკამათობდით ცხარედ – აღდგა თუ აღსდგა.
ზმნა აღდგა არის ერთპირიანი, ეწყობა მესამე სუბიექტური პირი და შესაბამისი სუბიექტური პირის ნიშანი -ა ზმნაში უკვე ასახულია. აქედან გამომდინარე, დამატებით რაიმე თანხმოვნის ჩართვა ზმნაში გაუმართლებელია და ზმნისწინის შემდეგ ჩასმული ს თავსართი ზედმეტია.
რატომ გახდა საკამათო გრამატიკული წესი და რა არგუმენტებით ცდილობენ ზედმეტი თანხმოვნის „გამართლებას“ ისინი, ვინც „აღსდგა“ ფორმას უჭერს მხარს?
1. ძველ ქართულ ტექსტებში სანიანი ფორმა არაერთხელ დასტურდება;
2. ქრისტეს აღდგომა უნიკალური, საკრალური მოვლენაა და სავსებით მისაღები უნდა იყოს ამ მოვლენის უნიკალური ენობრივი ფორმულით გადმოცემა. აღსდგა მხოლოდ ქრისტეს აღდგომასთან მიმართებით უნდა გამოვიყენოთ ;
3. სამეტყველო ენაში გრამატიკულად არასწორი ფორმა უკვე დამკვიდრებულია და ენის ხალხურობის პრინციპის თანახმად, ამ ფორმას არსებობის უფლება აქვს, ხალხის ცოცხალ მეტყველებაში სწორედ მას ენიჭება უპირატესობა.
უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ მართლწერის ლექსიკონებში გათვალისწინებულია ეს არგუმენტები და სწორ ფორმასთან ერთად პარალელურ, დასაშვებ ფორმადაა მოწოდებული „აღსდგა“, ოღონდ მხოლოდ ქრისტედ აღდგომასთან დაკავშირებით.