კვაჭი კვაჭანტირაძის ანალიზი
მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ის ნაწილი, რომელშიც კვაჭის საქართველოში დაბრუნება და ,,მოღვაწეობაა” აღწერილი, ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიის ირონიულ-ანალიტიკურ სურათს მოიცავს. ეს სურათი გვიცვენებს, თუ რატომ არის ჩვენში წარმატებული და აღზევებული კვაჭის ტიპი: ქართული საზოგადოება მუდამ ელის სასწაულებრივ მხსნელს, რომელიც სწრაფად გადაუჭრის მას ყოველგვარ პრობლემებს თავისი არაჩვეულებრივი ძალების და უნარების წყალობით. თვითონ კი მხოლოდ უნდა დატკბეს მისი ნიჭის ნაყოფით, შრომა და ინიციატივის გამოჩენა არ სჭირდება, არც რაიმე პასუხისმგებლობა ეკისრება. ქართული საზოგადოების ამ თვისებაზეა ლაპარაკი ილია ჭავჭავაძის წერილშიც ,,რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” – ქართველები პასიურად ელოდებიან ღვთის წყალობას, ჰგონიათ მათი შრომის, აქტივობის გარეშეც გაკეთდება. ასეთი ,,ღვთის წყალობაა” კვაჭი. კვაჭი-მხსნელის მითოლოგიზებული ფიგურა ქაღტული საზოგადოების ოცნების და პოეტური წარმოსახვის ქმნილებაა, რომელსაც ეს საზოგადოება ბრმად ენდობა და ისიც უხვად სარგებლობს ამ ნდობით. უსახური რეალობის პოეტიზაცია, იდეალიზაცია საქართველოში მხოლოდ იმ პოეტებს არ ემარჯვებათ, რომლებიც კვაჭი-რაინდის ისეთ ამაღლებულ ხატს ქმნიან, რომ მათი ოსტატური ფალსიფიკაციით თვით ამ საქმის ვირტუოზი კვაჭიც კი განცვიფრებული რჩება.
თუმცა კვაჭი თვითონაც ასახიერებს რაინდს. მისი ეფემერული მონაწილეობა კოჯრს ბრძოლაში საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ იმითაც უნდა აისახენოდეს, რომ მას ზოგჯერ ზედმეტად იტაცებს რაინდის როლი, თუმცა დროულად ფხიზლდება და უკან იხევს, პატრიოტულ აღტკინებას იოკებს. არადა, კვაჭს მართლა უყვარს სამშობლო როგორც თავისი კერძო საკუთრება, საკუთარი მამული, როგორც ექსპლუატაციის ობიექტი, როგორც საბალახო და სანავარდო – მწერალი ელვარე ირონიით ხატავს კვაჭის ეგზალტირებულ პატრიოტულ ემოციებს.
კვაჭის სიცოცხლისუნარიანობა, თვითშენარჩუნების ძალა უპირველესად იმას ემყარება, რომ არავითარ იდეას, მათ შორის ნაციონალურს, სერიოზული თვალსაზრისით აფასებს. ნებისმიერ მსოფლმხედველობრივ სისტემას თუ იდეოლოგიას იგი უყურებს როგორც ინსტრუმენტს, იარაღს, რომელსაც ეფექტიანი გამოყენების შემდეგ შორს მოისვრის და ხელს ახალი იარაღისკენ იწვდის. ხოლო თვით მისი საკუთარი კრედო სრული, ყოვლისმომცველი ნიჰილიზმია.
ზნეობასაც კვაჭისთვის მხოლოდ პრაგმატულ-გამოყენებითი ღირებულება აქვს. დიდებულია, როცა სხვები მორალური ნორმებს ასრულებენ – ამით კვაჭი მათი უზნეობისგან დაცულია, ისინი კი დაუცველები არიან მისი უზნეობის წინაშე. როცა ამორალობაში სხვები – ვთქვათ, ქართველი ხელისუფლები – ჯობნიან, მისი მორალური აღშფოთება უსაზღვროა, მგზნებარედ გმობს მათ უზნეო ქცევას. კვაჭი დიდი მორალისტია – მორალურ კანონებს მუდამ უნდა ემორჩილებოდეს ყველა… მის გარდა.