კონსტანტინე არსაკიძე - პერსონაჟის განხილვა

ერთიანი საქართველოს იდეის განმსახიერებელია მეფის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე. პიროვნულად არსაკიძეს ჰქონდა მიზეზი, მეფის ხელისუფლების სიძლიერეზე არ ეფიქრა, პირიქით, საფუძველი სწორედ იმის ჰქონდა, განაწყნებული ყოფილიყო, მაგრამ დიდმა ხელოვანმა იცის, რომ არ შეიძლება გაუბრაზდე სამშობლოს, მეფე კი ერთიანი სამშობლოსათვის იბრძოდა.
მან კარგად იცოდა, რომ მოკვდავ ადამიანს ჭეშმარიტი ხელოვნების ნაყოფი უკვდავებასთან ხდის წილნაყარს და შეულებელი იყო, სვეტიცხოვლის შემოქმედს შინაგანი მეტოქეობის გრძნობა არ ჰქონოდა ამა სოფლის რაგინდარა ხორცით ძლიერი პირის მიმართ.  ის კი არა, ღმერთთან მებრძოლი იაკობის სურათიც კი დახატა, სადაც იაკობში საკუთარი თავი მოიაზრა, ხოლო ღმერთი მექისედეკის სახით გამოსახა…


აქედან გამომდინარე, ის არ არის უბრალო ხელოვანი, რომელიც შიშით შეიძება ცახცახებდეს ვისიმე წინაშე. კონსტანტინე შემოქმედია, ახალი სამყაროს შემქმნელი მხატვარი და ხუროთმოძღვარი და მისი, როგორც მეფის ტყვისა და მეფის ყმის, მდგომარეობა სრულიადაც არ არის ადეკვატური მისივე სულიერი ყოფისა.
მან იცის საკუთარი თავის ფასი, ამიტომ იყო ტყვედქმნილმა იწყინა კიდეც, როცა მეფემ მიმინოებით იხმო სანადიროდ – „მე არ შემიძლია“ მლიქვნელისა და კარისკაცის მოვალეობა ოსტატის საქმესთან შევითავსო, თუ ხუროთმოძღვრის ხარისხი ბაზიერთუხუცესობასაც მოასწავებს, მაშინ იმ ტაძარს მოვამთავრებ და კირითხურო ვიქნები უბრალო“ – ამ სიტყვებსაც არსაკიძეს ათქმევინებს მწერალი.
კონსტანტინე არსაკიძეს უდგას ალტერნატივ: ხელოვნება, სვეტიცხოველი თუ შორენა, მაგრამ არასოდეს დასცდენია: მეფის შიში თუ შორენა?  ქალის სიყვარულს იგი ისე ბუნებრივად ეწაფება, თითქოს მისი მეტოქე მეფე კი არა, ჩალვარდი ყოფილიყო. ესეც ერთი მააგლითი იმისა, რომ კონსტანტინე შინაგანად ნამდვილად არ გრძნობს თავს დათრგუნვილად და ხელოვანის თავისუფალი  სული  არც არავის ბატონობას ანებებს და არც ქვეშევრდომობას.


არც ვაჟკაცობაში უდებს ტოლს არავის ხუროთმოძღვარი. ოთხი კაცის ასაწევი ქვა მარტომ შეიკავა სვეტიცხოვლის ხარაჩოზე, რათა ბოდოკიას არ დასცემოდა, ხოლო ჟამის გავრცელებისას იმ ფარდულში შევიდა, სადაც ავადმყოფი იწვა და საიდანაც ყველა თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა.
ამ სცენის შემდეგ მეფისა და ხუროთმოძღვრის შეხვედრა, როცა მეფე ძალით ჩამოართმევს ლაზს ხელს, რომელიც, თავის მხრივ, მეფეს უფრთხილდება, – ავადმყოფობა არ გადაედოსო, ორი დიდი ადამიანის წარუშლელ პორტრეტს წარმოადგენს.
არსაკიძე მეფე გიორგივით ყველა მოვლენას ერთი დიდი გადასახედიდან უყურებს – რამდენად წაადგება იგი სამშობლოს.


სვეტიცხოვლის მშენებლობის დროს ჟამიანობით დამფრთხალ ლაზებს ასე არიგებს ხუროთმოძღვარი: „რას იტყვიან იბერიელები? მშიშარნი ყოფილანო ლაზები, იცოდეთ, ყველაზე მეტად ძმების უნდა გვერიდებოდეს, ლაზებო, რადგან არავინ ისე საყვარელი არაა ამ ქვეყანაზე, როგორც დედა, არავინ ისე მოსარიდებელი, როგორც დედის ხსენის თანაზიარნი.


საქართველო ჩვენი დედაა, ლაზებო. ხოლო იბერიელნი ძმებია ჩვენი“.
ამ მონოლოგის ავტორი და მეფე საქართველოსი ერთნაირად და ერთი მიმართულებით იხედებიან, ამიტომ სულაც მეათეხარისხოვანია მათი პირადი ურთიერთობა, მათ ისეთი საერთო აქვთ, რის გამოც საყოველთაო სიყვარულს იმსახურებენ და, კაცმა რომ თქვას, რომანის მიხედვით არც ურთიერთსიმპათიის დეფიციტს განიცდიან რომანისა და არა კრიტიკის მიხედვით, რომელმაც მეფისა და მისი ხუროთმოძღვრის ურთიერთობა რატომღაც აბსურდული ფორმულირებით განსაზღვრა – ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოშიო.


კათალიკოსი – კი, მაგრამ მეფე არც კი ცარეულა ხელოვანის შემოქმედებით საქმეებში სვეტიცხოვლის მშენებლობისას, რაც შეეხება ეჭვიანობის ნიადაგზე არსაკიძის დასჯას, თუ ეს ფაქტი ხსენებული საკითხის წამოწევის საფუძველს იძლევა, ვიმეორებ, ასეთივე წარმატებით უნდა ვლაპარაკობდეთ დეიდაშვილების ბედზე ტირანულ სახელმწიფოში (გირშელი) ან ერისთავების ბედზე ტირანულ სახელმწიფოში (ჭიაბერი).
გიორგი პირველი და კონსტანტინე არსაკიძეც ერთიანი საქართველოს დიდი მხედრები არიან, ამიტომაც უყვარს მკითხველს როგორც მეფე, ისე ხუროთმოძღვარი მისი.