საშობაო მინიატურები - ანალიზი

,,საშობაო მინიატურები” ფორმისა თუ სათქმელის მიხედვით დასრულებული მინიატურებისგან შედგება. თუმცა ავტორმა ისინი ერთი სათაურის ქვეშ მოაქცია. ამ სამი მინიატურისათვის საერთოა მოქმედების დრო – შობის ღამე და ავტორისეული სათქმელი.


ნაწარმოების პროლოგივით უძღვის ბეთლემში მომხდარი, 19 საუკუნის წინანდელი ამბავი – მაცხოვრის შობა. ( 19 საუკუნეა გასული მაცხოვრის შობიდან ამ ნაწარმოების დაწერამდე – 1910 წლამდე). ავტორი ეპილოგადაც ამასვე დაურთავს, თანაც ქრისტეს ღვაწლიდან განსაკუთრებით გამოყოფს იმას, რომ იესო არის მაშვრალთა იმედი, ტანჯვის შემამსუბუქებელი და სიკვდილის დამთრგუნველი. თუმცა მინიატურათა გაანალიზების შემდეგ გამოგვაქვს დასკვნა, რომ უფალი ,,სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველია”, მაგრამ სწორედ შობის ღამეს მეფობს დაუთრგუნველი სიკვდილი და ბავშვი ,,ახალ ცხოვრებას იწყებს” ( მინიატურაში ,,სარეცელზე”), ღმერთი ,,ტანჯვის შემამსუბუქებელია”, მაგრამ იტანჯება საქართველოცა და მისი უძლური ჭირისუფალიც (,,საქართველო იყიდება”), მაცხოვარი ,,მაშვრალთა იმედია”, მაგრამ ცრემლი სწვავს მაშვრალი თერძის თვალებს იმის წარმოდგენისას, რომ შობის ღამეს ძაღლებზე მძიმე მდგომარეობაში იქნება მისი მშიერი ცოლ-შვილი.


თუ შესავალში მწერალი ნაკლებ მნიშვნელოვანიდან მნიშვნელოვანზე გადადის უფალზე საუბრისას: მაშვრალთა იმედი – ტანჯვის გამქარვებელი – სიკვდილის დამთრგუნველი, მინიატურები დაღმავალი წყობით განულაგებია. სიკვდილის დათრგუნვას უპირისპირდება ,,სარეცელზე”, ტანჯვის შემსუბუქებას – ,,საქართველო იყიდება” და მაშვრალთა დაიმედებას – ,,ბრმა თერძი”.


საბოლოოდ, მწერლის გულისტკივილს ამოვიკითხავთ : განკაცდა ღმერთი ჯვარს ეცვა, მაგრამ 19 საუკუნის შემდეგაც თითქმის ისეთივეა კაცობრიობა, როგორიც შობამდე იყო – უსამართლობით სავსე. ამიტომ ყველა უბედურია: მდიდარი და უქონელი, მოხუცი და ახალგაზრდა, თავადი და გლეხი, ჭკვიანი და სულელი, ერთი კაცი თუ მთელი ქვეყანა.
შესაძლებელია, ავტორის სიტყვით დავასრულოთ:
,,აქ კი დღეს…” უბედურება მეფობს.