გოგჩა - მხატვრული ანალიზი
ბუნების უმშვენიერესი ქმნილება, წმინდა და აუმღვრეველი, ბროლივით გამჭვირვალე გოგჩის ტბა ალ.ჭავჭავაძეს საქართველოს დიად საუკუნეებს აგონებს, როდესაც იგი მტკიცედ იდგა მისი არაერთი მუსლიმანური მტრის წინაშე, როდესაც იგი ერთადერთი ნათელი, კაშკაშა ვარსკვლავი იყო მის შემოგარენში.
ნაწარმოების მეორე სტროფი უკიდეგანო პატრიოტული სულისკვეთებითა და ამოუვსები ტკივილით იწყება. ასეთი ბრწყინვალე წარსულის მქონე ქვეყანა ბუთა თავშესაფრად იქცა.
“სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი
და სად დღეს ვხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა.”
პოეტი აღნიშნავს, რომ გულში ყოველი მხილველისა, რომელიც ამ გაპარტახებულ ქვეყანას იხილავს, სამუდამო სევდა და ტკივილი დაისადგურებს. ალ.ჭავჭავაძე, როგორც ჩვევია, აკნინებს საქართველოს სამარცხვინო აწმყოს და მას უდაბურ, მჩუმარე და არარაობა მხარედ მოიხსენიებს.
“ჭმუნვათა თვისთა მნახვეთლაცა აზიარებენ…
უდაბურება, მჩუმარება, არარაობა.”
ლექსის სტრიქონებში ავტორი გვიცოცხლებს საქართველოს ოქროს ხანას და უკიდეგანო გულისტკივილით გაჟღენთილი სიტყვებით გვისურათებს ქვეყნის სამარცხვინო ყოფას.
“აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.
აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო.”
ვფიქრობ, შემდეგი სტრიქონები მიზნად უნდა ისახავდეს პესიმიზმში ჩაფლული ერის გამოცოცხლებას, გამხნევებას ფონზე იმ საამაყო წარსულისა, რომელიც საქართველოს ისტორიის ფურცლებზე იწერებოდა ათასწლეულების მანძილზე.
“აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი;
მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!”
ვაგრძელებთ რა ლექსის კითხვას და აშკარად გვესმის ქართული საზოგადოების ხმა რომელიც ამ კლდეებში იფრქვევოდა.
მაგრამ, რა ხდება დღეს? ეს ადგილი პირუტყვთა თავშესაფრად ქცეულა.
“დღეს ეს ნაქცევი, სახიერად მაჩრდილობელი,
ხედავს თვის ქვეშე დამჩოქველად ოდენ პირუტყვთა.”
ალ.ჭავჭავაძე შემდეგ ისევ იხსენებს საქართველოს თვალწარმტაც წარსულს. ქვეყანა, რომელიც ოდესღაც განვითარების მწვერვალს უახლოვდებოდა, ოქრო-ვერცხლისა და სხვა ავლადიდების მორევში იძირებოდა: “მათთა განთქმულთა შეძლებათა წარშლიან კვალნი!”
საქართველოში ოდიდგანვე იზრდებოდნენ ქართველი ვაჟკაცები, რომელთა მხრებმაც შემოგვინახა ენა, მამული, სარწმუნოება. პოეტის თქმით, ყოველივე ზემოთჩამოთვლილი დაუნდობელმა დროის ბრუნვამ გააქრო.
გოგჩის ნაპირებზე გაშენებული ქალაქის, “დროსა მსვრელის ცელით” განადგურება ნაწარმოებში გააზრებულია, როგორც უმკაცრესი გარდაუვალობა, რომელმაც დაუნდობლად უნდა წარხოცოს მიწიერი დიდება, ფუფუნება, შვენება, განცხრომა, ბედნიერება, ჰარმონია, ნეტარება…