გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა - მოკლე შინაარსი
759 წელს დაიბადა დიდი საეკლესიო მოღვაწე, ხანცთისა და შატბერდის დიდებულ მონასტრთა, სულიერი მამა, წინამძღვარი და მაშენებელი, ღირსი და ღმერთშემოსილი, წმინდა გრიგოლ ხანცთელი. იგი იყო ქართლის დიდი ერისმთავრის, ნერსეს, ცოლის ძმის შვილი და მათ სამეფო კარზე აღზრდილი.
მამა გრიგოლი სიყრმიდანვე ღრმად მორწმუნე იყო. მან თავი ბავშვობიდანვე განუკუთვნა უფალს, რის გამოც ღვინო და ხორცი არასოდეს უგემია, არც საბავშვო თამაშობებით დაკავებულა და არც თავყრილობებში მიუღია ოდესმე მონაწილეობა, რის გამოც დაყუდებულს ეძახდნენ.
ახალგაზრდა გრიგოლი განმარტოებასა და კითხვაში ატარებდა ცხოვრებას. სწრაფად დაისწავლა ფსალმუნნი, სხვა საეკლესიო და ფილოსოფიური წიგნები. წაკითხულთაგან საუკეთესო შეიწყნარა, ხოლო „ჯერკვალი განაგდო.“ მისი სიტყვა იყო მოზომილი, მადლიანი, ბრძნული. ასაკის მატებასთან ერთად, ემატებოდა სათნოებებიც.
ამ ნეტარის აღმზრდელმა ხელმწიფემ, მისმა მშობლებმა და ახლობლებმა მოინდომეს ახალგაზრდა გრიგოლის ხუცესად კურთხევა, რადგან თვლიდნენ, რომ იგი ყოვლითურთ შემკობილი იყო იმ თვისებებით, რაც მღვდელს უნდა ჰქონდეს.
ნეტარი მამა, მოყვარული იყო სამღვდელო პატივისა, მაგრამ რაკი თავს არ თვლიდა ამის ღირსად, მისი კურთხევის მსურველთ განუცხადა: ,, თქვენ იცით საღვთო წიგნების აზრი და შეგიცვნიათ წმინდა მოციქულებისა და ნეტარი მღვდელთმოძღვრების მიერ განსაზღვრული კანონი წმინდა კათოლიკე ეკლესიისა, თუ როგორი სიფრთხილე სჭირდება მღვდლობას და როგორი ყოვლითურთ შეუბღალავობა არა მხოლოდ საქმით, არამედ გონებითაც და სიტყვითაც. ამიტომ, თუმცაღა ღვთის სულგრძელობას უტვირთავს მოთმენა უწესო ადამიანების მღვდლობისა, უმჯობესი იქნებოდა მათთვის, რომ საერთოდ არ შერთვოდნენ ადამიანთა რიცხვს, ვიდრე ის, რომ საუკუნოდ [შერთვოდნენ] დაუსრულებელ სასჯელს. ამასთან. სანდო მღვდლებისთვის ეს იცოდეთ თქვენ, რომ ყოველგვარ სულიერ და ხორციელ დიდებაზე მეტია [ეს საქმე], რადგან იგი მონაცვლეობაა ქრისტეს, ჭეშმარიტი ღვთისა, რომელმაც უთხრა თავის მოწაფეებს: „ნეტარნი ხართ თქვენ, რადგან ბევრ წინასწარმეტყველსა და მართალს სწადდა, რომ ენახა და ესმინა, რასაც ხედავთ თქვენ და გესმით, და ვერ მიაღწიეს, რისი ღირსიც გახდით თქვენ“. თავისი მღვდლობის ნაცვლად უფალმა მოციქულები დაადგინა მღვდლად, შემდეგ და შემდეგ კი – ყველა სანდო მღვდელი, და მათ მიერ ქრისტიანთა ცხოვრების იმედი მღვდლობას მიანდო და ყველა სასწაული, წინასწარმეტყველთა ხილვები და ღვთისმხილველ ადამიანთა გამოცხადება მღვდლობით დაბეჭდა და ახლა არაფერია კაცთა ცხოვრება მღვდლობის გარეშე, რისთვისაც პავლე ამბობს: „ქრისტეს მიერ სახარებისგან მე გშვით თქვენ“. და უფალი ბრძანებს: „თუ ვინმე არ იშვება მეორედ და არ მიიღებს წმინდა საიდუმლოს, ვერ შევა ცათა სასუფეველში. ამიტომ, ახლა პატივს ვხედავ და სასჯელისა მეშინის.“
არ დაუთმეს ნეტარ მამას ბრძენმა მთავრებმა და უთხრეს: „ახლა ნუღარ იქნები ურჩი, არამედ დაემორჩილე ქრისტეს ბრძანებას და მღვდლობით დაემონე იმას, რომელმაც ივნო ჩვენთვის, – საუკუნო მღვდელმა, – და გვაცხოვნა ჩვენ ყველანი“.
ნეტარი გრიგოლი დაემორჩილა მათ და ღვთის ნებით იკურთხა ხუცესად. დიდად გაიხარა ხალხმა, რომ ღირსნი გახდნენ, მისი წმინდა ხელით მიეღოთ ქრისტეს სისხლი და ხორცი და ესწავლათ ჭეშმარიტი გზით სიარული.
ღირს მამას მალე ეპისკოპოსად ხელდასხმა მოუნდომეს, მაგრამ წარმოიდგინა რა მან თავი ასეთ დიდებაში, მიუღებელად ჩათვალა იგი და უფლის ხმობით სამ მეგობართან, თავის დეიდაშვილთან საბასთან, თეოდორესთან და ქრისტეფორესთან ერთად განეშორა თავის სამკვიდრებელს, რათა სიწმინდით, კრძალვითა და უბრალოებით ემსახურათ ქრისტესთვის.
ღვთის განგებულებით ისინი თავდაპირველად ოპიზაში მივიდნენ, სადაც იყო წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და მცირეოდენი საძმო მამა გიორგის წინამძღოლობით. აქ მამებმა ორი წელი დაჰყვეს ფიცხელ შრომასა და ღვაწლში.
წმინდა გრიგოლმა იცოდა რა განდეგილების ანგელოზებრივი ცხოვრების აღმატებულება, თვითონაც სურდა ამგვარი ღვაწლის ტვირთვა; ამიტომაც დადიოდა მარტოდმყოფ მონოზონთა მოსანახულებლად და მათგან სხვა და სხვა სათნოებებს სწავლობდა.
იმ დროს ხანცთაში ცხოვრობდა მარტოდმყოფი ბერი ხუედიოსი, რომელსაც ღვთისგან ეუწყა, რომ ამავე ადგილზე აშენდებოდა ტაძარი ნეტარი მამის, გრიგოლის, მიერ სადაც მისი და მისი მოწაფეების ლოცვის სურნელი საკმეველივით ცად იქნებოდა აღტაცებული. ასევე ეუწყა ღირს გრიგოლს ნეტარი ხუედიოსის შესახებ და სულიწმინდის წინამძღოლობით გაემართა ხანცთას, სადაც შეხვდა კიდეც მას. ღირსმა მამებმა დიდად გაიხარეს ერთმანეთის ხილვით, მთელი ღამე ლოცვასა და სულის ცხონებაზე საუბარში გაატარეს, დილით კი ხუედიოსმა ხანცთის სანახები დაათვალიერებინა წმინდა გრიგოლს.
ამის მერე მამა გრიგოლი კვლავ ოპიზაში გაემართა საიდანაც მამები, – თეოდორე, ქრისტეფორე და საბა წამოიყვანა.
ღირსი და ღმერთშემოსილი ბერები შეუდგნენ ხანცთაში ეკლესიისა და სენაკების შენებას. თანდათან ემატებოდნენ მონოზვნები ამ წმინდა საძმოს. აღსანიშნავია, რომ მამა გრიგოლი არავის მცონარეთაგანს არ მიიღებდა, არამედ პირველად გამოსცდიდა სხვადასხვა სათნოებებში და თუ ჰპოვებდა მას გულით უმანკოს, უეშმაკოს და უდრტვინველს, თავმდაბლსა და მორჩილს ყოველგვარი კარგი საქმისადმი, მიიღებდა სიხარულით. ამის გამო მისი ყველა მოწაფე იყო საუკეთესო და მისი წმინდა სათნოებების ღირსეულად შემთვისებელი. ემსგავსებოდნენ ისინი თავიანთ ღვთივგამორჩეულ მოძღვარს, ისევე როგორც მათი მოძღვარი ემსგავსებოდა ქრისტეს.
ხანცთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნითა და სიმამაცით განთქმული, მეფესთან დაახლოებული წარჩინებული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. თავისი სულიერი შვილების მატერიალური გაჭირვებით შეწუხებული მამა გრიგოლი დახმარებისთვის ეწვია დიდებულ აზნაურს, რომელიც სახლში არ დახვდა, მაგრამ მისმა ღმრთისმოყვარე მეუღლე მარიამმა გულითადად უმასპინძლა და ჯეროვანი პატივიც-სცა. წასვლისას კი თავისი ხალხი გააყოლა, რომ სცოდნოდა სად ცხოვრობდა და დაჰპირდა, რომ ამიერიდან მისი ოჯახი მონასტერს ყოველივეს საჭიროებისამებრ დაეხმარებოდა. ამ ნუგეშით გაიხარეს მამა გრიგოლმა და ხანცთელმა ბერებმა.
როდესაც გაბრიელი სახლში დაბრუნდა, ღმრთისმოყვარე მეუღლემ აუწყა მამა გრიგოლის სტუმრობა და სათხოვარი. დიდად გაიხარა დიდებულმა აზნაურმა, ღმერთს მადლობა შესწირა, შემდეგ კი მამა გრიგოლი სახლში მიიწვია. იგიც დასთანხმდა მის თხოვნას და კვლავ ესტუმრა. გაბრიელი წინ მიეგება წმინდა ბერს, თაყვანი-სცა სიხარულით, ეამბორა მის წმინდა ხელს და მრავალი დღე პატივით განუსვენა. შემდეგ წარუდგინა თავისი ოთხი ძე: პატრიკ, გვარამ, არშუშა და აბულასათი და სთხოვა, ეკურთხებინა. როდესაც წმინდა ბერმა იხილა კურთხეული მეუღლეებისა და მათი შვილების დიდი რწმენა, სიხარულით აღვსილმა დალოცა ისინი. გაბრიელ მთავარმა უთხრა ბერს: ვინაიდან ჩვენთან არის ამქვეყნიური სიმდიდრე, ხოლო თქვენთან არის სულიერი სიმდიდრე, თქვენ ილოცეთ ჩვენთვის ამ ცხოვრებაშიც და სიკვდილის შემდგომაც, ჩვენი მიცვალებულები დაკრძალეთ თქვენს მონასტერში და ლოცვები განაწესეთ ჩვენთვის უკუნისამდე, ხოლო ჩვენ აღგითქვამთ, რომ ჩვენი შვილებისა და შთამომავლობის სიცოცხლეში საჭიროებისაებრ ვიღვაწებთ თქვენი მონასტრისათვის. ასევე, წმინდაო მამაო, დედათათვის კეთილი სავანე გამონახეთ, რომ ჩვენი ოჯახიდან გამოსული მონოზონი თუ კაცი იქნება, მისი სამკვიდრებელი იყოს ხანცთა, ხოლო თუ ქალი, თქვენი კურთხეული და გამორჩეული სავანეო.
ნეტარმა მონახა სამონასტრო ადგილი გუნათლეს მახლობლად, რომელიც დაფანჩულთა გვარეულობის სამფლობელოს წარმოადგენდა და იქ ააშენა დედათა მონასტერი, რომელსაც ეწოდა „გუნათლეს ვანი.“
გაბრიელ დაფანჩულმა აშოტ კურაპალტს აუწყა გრიგოლ ხანცთელის მოღვაწეობის შესახებ. მეფემ გაიხარა და მამა გრიგოლი თავისთან მიიწვია. როდესაც ბერი სასახლის კარზე მივიდა, მეფე წინ მიეგება და კრძალვით მოიკითხა. წმინდა მამამ იგი და მისი შთამომავლობა დალოცა. მეფემ მოისმინა რა ბერისგან ხანცთის უნაყოფობის შესახებ, მას მრავალი ნაყოფიერი ადგილი და სააგარაკოდ შატბერდის სანახები შესწირა. ასევე, მეფის სამივე ძემაც უხვი შესაწირი გაიღო. მრავალი კეთილი ნაყოფით აღვსილი მამა გრიგოლი მადლიერი და გახარებული დაბრუნდა ხანცთას.
ღირსი მამა ფიქრობდა: „ისევე როგორც ჩემი მონასტრის მამები სათნოებით აღმატებულნი არიან ამ დროის მონოზვნებზე, საჭიროა რომ ჩემს ეკლესიაში დაწესდეს საღვთო და ბრძენთაგან განუსჯელი საეკლესიო წესი“. მონასტრისათვის ტიპიკონი რომ შეედგინა, კონსტანტინეპოლში გამგზავრება, წმინდა ადგილების მოლოცვა და წმინდა ნაწილების მოპოვება გადაწყვიტა. მან იერუსალიმში მიმავალ მეგობარს სთხოვა საბაწმინდური წესის (ტიპიკონის) გადმოწერა და გამოგზავნა, თვითონ კი მონასტერი მოღვაწე ბერებს ჩააბარა და დაპირდა მალე დაბრუნებას. თან წაიყვანა დედის დისწული საბა, ერთი მოწაფე და გაემგზავრა კონსტანტინეპოლში.
უკან დაბრუნებულებმა ტაოში შეიტყვეს წმინდა მეფის, აშოტ კურაპალატის მკვლელობის ამბავი. წმინდა გრიგოლ ხანცთელმა მწარედ დაიტირა მეფე.
წმ. გრიგოლსა და საბას გზად ღმრთისაგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილზე მდებარე იშხნის დანგრეული ეკლესიისაკენ მიმავალი გზა, ასევე ის, რომ ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. ტაძრის პოვნით გახარებულ საბას მაშინვე უნდოდა იშხანში დარჩენა, მაგრამ მამა გრიგოლმა ურჩია ხანცთაში დაბრუნება და ძმების მონახულება.
მცირე ხნის შემდეგ მამა გრიგოლმა საბას ორი მოწაფე გააყოლა და გაუშვა იშხანში, ხოლო თვითონ კი ბრძნულად განაგებდა ხანცთას.
მალე წმ.გრიგოლს იერუსალიმიდან საბაწმინდური ტიპიკონი გამოუგზავნეს. ამ ტიპიკონისა და მრავალი წმინდა ადგილიდან გამოკრებილი წეს-განგების შეერთების შედეგად, მამა გრიგოლმა თავის მონასტერს მკაცრი წეს-განგება შეუდგინა:
მონასტრის ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი და თითო წყლის ჭურჭელი. სენაკებში ცეცხლს არ ანთებდნენ, რასაც საერთო ტრაპეზზე იხმევდნენ, ის უნდა ეკმარათ. მრავალი მათგანი სრულიად არ სვამდა ღვინოს და ვინც იგემებდა, ისიც ძალიან ცოტას. ღამე სანთელს არ ანთებდნენ, არამედ ზეპირად ფსალმუნებდნენ, მთელ დღეებს კი წიგნის კითხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. ბერები მართალნი რომც ყოფილიყვნენ ძმის წინაშე, დანაშაულს მაინც საკუთარ თავს აბრალებდნენ, რადგანაც დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთისა. ეკლესიაში არ საუბრობდნენ, არამედ შიშით იდგნენ, როგორც ზეცაში ღმრთის წინაშე მყოფნი. კედელს, მოხუცებულების გარდა, არავინ მიეყრდნობოდა. ჟამისწირვას სრულიად აღასრულებდნენ და მწუხრიდან განთიადამდე ნელა და დაწყნარებულად ლოცულობდნენ. გარდაცვლილთათვის ლოცვას აღავლენდნენ მესამე, მეშვიდე და მეორმოცე დღეებში, აგრეთვე წლისთავზე, ამასთანავე ყველა მარხვას დიდი მოღვაწეობითა და კრძალვით იცავდნენ. ნეტარი გრიგოლი დიდმარხვაში უმი კომბოსტოთი იკვებებოდა, ჩვეულებრივ დღეებში კი პურითა და წყლით, ღვინოს კი სიყრმიდანვე არ სვამდა.
ქრისტეფორე და თეოდორე მონასტრების აშენების სურვილით რამოდენიმე ძმასთან ერთად ხანძთიდან ფარულად წავიდნენ. გზად მათ დიდი აზნაურის, მირიანის ძე, არსენი, დაიმოწაფეს, რომელიც შემდეგ ქართლის კათოლიკოსი გახდა. ღირსი მამები ჩავიდნენ აფხაზეთში, (დღევანდელი დასავლეთ საქართველო), სადაც მეფე დემეტრე II-მ დიდი პატივით მიიღო.
სულიერი ძმების გაპარვით დამწუხრებული წმ.გრიგოლ ხანცთელი მათ საძებნელად გაემართა. ქართლს რომ მიაღწია, ყრმა ეფრემი იპოვა და დაიმოწაფა, რომელიც შემდეგში აწყურის ეპისკოპოსი გახდა და სასწაულთმოქმედებით გაითქვა სახელი.
აფხაზეთში ნეტარი გრიგოლი მეფე დემეტრ II -ს შეხვდა და ქრიტეფორესა და თეოდორეს დაბრუნება მოსთხოვა. ამ დიდი მამის ანგელოზებრივი სახის ხილვით შეძრწუნებულმა მეფემ, გრიგოლს უარი ვერ შეჰბედა და ცრემლით კი სთხოვა, რომ მის მხარეშიც აეშენებინათ მონასტერი და რომელიმე ძმა დაეტოვებინა სამოღვაწეოდ. უბისაში მამებმა მართლაც ააშენეს მონასტერი და მის წინამძღვრად ხანდაზმული, ღირსეული ბერი ილარიონი დაადგინეს, რომელიც თან გაჰყოლოდა თეოდორესა და ქრისტეფორეს. წმ. გრიგოლ ხანცთელი კი თანამოღვაწეებთან ერთად სიხარულით დაბრუნდა ხანცთას.
ხანცთელმა მამებმა იხილეს რა ყრმა არსენი და ყრმა ეფრემი, ღირს გრიგოლს ჰკითხეს, თუ რატომ არღვევდა წესს, რომლის მიხედვითაც მონასტერში მცირეწლოვანთა გაჩერება იკძალებოდა, წმინდა მამამ უპასუხათ: „ქრისტე ღმერთმა წმინდა ანგელოზის პირით მაუწყა ამათი ყველა საქმე, რადგან ეს ღირსი ყრმები, მსგავსად ადამიანებისგან განშორებული და ღმერთს მიახლოებული ეფრემ ასურისა და არსენ რომაელისა, უბიწოდ აღიზრდებიან ხანცთაში მათი პატივის [გაცხადების] დრომდე. მაშ, ახლა, შეგვიძლია კი კამათი უფლის ბრძანებასთან? „რადგან აუცილებლობა მადევს“, მოციქულის სიტყვისებრ, „თუ არ ვახარებ, ვაი მე“, მაგრამ თქვენ ნეტარნი ხართ, რადგან უფალმა გამოგარჩიათ აქ თავისი მონებისთვის, თუმცა თუ ვინმე, ამგვარი მიზეზის გარეშე, შეცვლის პირვანდელ წესს და ბავშვს მოიყვანს, რომ იმყოფებოდეს ამ მონასტერში, დიდად დაისჯება უფლისა და ჩვენი ღვთის დიდებული მეორედ მოსვლის დროს“.
ღმერთშემოსილი ყრმები მამებმა (თეოდორემ და ქრისტეფორემ) წაიყვანეს თავის სენაკებში და ღვთის მადლით ფრიად კეთილად აღზარდეს.
მამა გრიგოლს დიდი სიყვარულით ემორჩილებოდნენ გარშემო მყოფნი, დიდებულები და სამეფო ოჯახი.
მიუხედავად იმისა, რომ აშოტ კურაპალატთან წმ.გრიგოლს სიახლოვე ჰქონდა და მეფისაგან დიდი პატივით სარგებლობდა, ნეტარი მამა არ მოერიდა მკვეთრ და მკაცრ ქმედებებს, როდესაც მან თავისთან სიძვის დიაცი მიიყვანა (რითაც, ფაქტიურად უზნეობის ნებადართულობა მოინდომა) წმინდა მამამ ქალი მეფის უკითხავად გამოიყვანა სასახლიდან, აუხსნა ჩადენილი ცოდვის სიმძიმე და მონასტერში წასვლა გადააწყვეტინა, ხოლო ქალის სანახავად მონასტერში მისულ კურაპალატს ამის უფლება არ მისცა. მეფემ შეინანა თავისი ქმედება და შემდეგ სწორი გზიდან აღარ გადაუხვევია.
მაშინ, როცა ნეტარი გრიგოლი ბაგრატ კურაპალატთან იმყოფებოდა, გაახსენდა საბა იშხნელი და იშხნის კათედრის შესახებ ხილვა, რომელიც უამბო მეფეს, ხოლო მეფემ, როგორც კი ეს გაიგო, მეტად გაიხარა და მაშინვე დაწერა წერილი და მიავლინა კეთილმორწმუნე ადამიანები და პატივით უხმო საბას. წარგზავნილები დაბრუნდნენ და აუწყეს კურაპალატს, რომ ღვთისკაცს (საბას) არ სურდა მოსვლა. და უთხრა მამა გრიგოლს კურაპალატმა:
– დაუფიქრებლად მოვიქეცი, შენ რომ არ მიგაწერინე წერილი. მისწერე წესისამებრ!
თვითონ კი დაწერა სხვა წერილი და გრიგოლის წერილთან ერთად გააგზავნა. ხოლო ნეტარი საბა დაემორჩილა კურაპალატის ხელახალ ბრძანებას, უფრო კი მამა გრიგოლის წერილს და მივიდა.
კურაპალატი პატივით მიეგება და მოიკითხა იგი, ხოლო საბამ აკურთხა და დალოცა ხელმწიფე. როდესაც დასხდნენ, კურაპალატმა ჰკითხა:
– წესია, ხელმწიფეთა მორჩილება. რატომ არ მოხვედი პირველად ხმობისას, წმინდაო მამაო?
საბამ უპასახა:
– დიდებულო მეფეო, შენ ამ მოდგმის მეფე ხარ, ხოლო ქრისტე – ყველასი, ვინც კი შობილა; შენ ამქვეყნიური ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე – ზეცისა და ქვეყნის: შენ წარმავალ დროთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე – საუკუნო მეუფე და სრულყოფილი არის უცვლელად, მარადიული და უსაწყისოა; მარადიული მეფეა ანგელოზებისა და ადამიანების და შენზე უფრო მისი სმენა გვმართებს, რომელიც ამბობს: „არავის შეუძლია ორი ბატონის მორჩილება”.
ახლა კი მეც გრიგოლის, ჩემი ძმისა და მოძღვრის, სიტყვით მოვედი შენს წინაშე.
ხოლო კურაპალატმა თქვა:
– სიმართლეა შენი ნათქვამი, წმინდაო!
ამის შემდეგ კურაპალატი ესტუმრა იშხანს. მას თან ახლდნენ ნეტარი მამები – მამა გრიგოლი და მამა საბა. კურაპალატს მეტად შეუყვარდა ეს ადგილები.
ღვთის ნებით საბა შემდეგ იშხნის ეპისკოპოსი გახდა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე დაქვრივებული იყო (გაუქმებული იყო). ახლა კი განახლდა ღვთისმსახურება და მეორედ აშენდა იშხანის მონასტერი ღვთისმსახური მეფეების აშოტის შვილების თანადგომით.
ერთხელ, როდესაც განსვენებული დიდი მეფის, აშოტ კურაპალატის სამივე ვაჟი ერთად იმყოფებოდა, მამა გრიგოლმა შესთავაზა მათ კლარჯეთის მონასტრების მონახულება. პირველად მივიდნენ შატბერდში, შემდეგ ჯმერკს, ბერთას და დაბას. – შემდეგ მივიდნენ ოპიზას, ილოცეს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, მოინახულეს ხანცთაც და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაც.
მამა გრიგოლმა მონასტრების წინამძღვრებიც თან იახლა. კურაპალატმა და დიდებულებმა იხილეს, რომ ხანცთელი ბერები უმკაცრესი ბერ-მონაზვნური წესით ცხოვრობდნენ, ხოლო ადგილი კი მეტად მწირი და უნაყოფო იყო, ძალიან გაუკვირდათ მათი ღვაწლი და დიდი შესაწირი უბოძეს. აქვე მობრძანდა სასწაულთმოქმედი ზაქარია ანჩელი ეპისკოპოსი, დავითი მიძნაძორელი და მისი მოწაფეები – ნეტარი ილარიონი, მამა და მაშენებელი წყაროსთავისა, რომელიც შემდეგ გახდა მცხეთის კათოლიკოსი და ნეტარი მამა ზაქარია, – ბარეთელის მაშენებელი. წმინდა მამები პატივისცემით მოიკითხეს მეფემ და დიდებულებმა და დიდად გაიხარეს, ვინაიდან მათგან ისმენდნენ საღმრთო მოძღვრებებს და უთხრეს: წმინდა მამებო, როდესაც გიხილეთ თქვენ, სრულიად დაგვავიწყდა, რომ მიწაზე ვიმყოფებით. გვგონია, რომ ზეცაში ვართ წმინდანების გუნდთან დამკვიდრებულიო.
ცოტა ხნის შემდეგ თეოდორე და ქრისტეფორე კვლავ განეშორნენ ხანცთას, თეოდორე დამკვიდრდა ნეძვში, სადაც ააშენა მონასტერი, ხოლო ქრისტეფორე კვირიკეწმინდას წინამძღვარი გახდა. მამა გრიგოლმა მათ ხანცთიდან, როგორც დედა-მონასტრიდან, გამოაყოლა ძმები და კეთილად მოღვაწეობდნენ ეს დიდი მამები თავ-თავის სავანეში.
ღირსი მამა გრიგოლ ხანცთელი მოღვაწეობდა შატბერდსა და ხანცთაში. მასთან მიდიოდნენ მთელი იმ მხარის მონასტრების წინამძღვრები რჩევების მისაღებად და განისწავლებოდნენ სულიერ ცხოვრებაში.
ეფრემი და არსენი წმინდა მამების მიერ აღიზარდნენ რა კეთილად, ერთი აწყურის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული, ხოლო მეორე, – არსენი, მცხეთის კათოლიკოსად იქნა გამორჩეული. ეფრემს და არსენს განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი და მოძღვარი, მამა გრიგოლი, რომელსაც სრულად ემორჩილებოდნენ. თუმცა, არსენის კათოლიკოსად კურთხევას დრტვინვით შეხვდა დიდი ეფრემი, რადგან იგი საეკლესიო წესების მიხედევით კი არ გამოარჩიეს, არამედ მამის, სამცხის მთავრ მირიანის, აქტიური ჩარევითა და რამდენიმე ეპისკოპოსის თანხმობით.
ჯავახეთში მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელზეც არსენის საკითხი უნდა განეხილათ, კრება „უდაბნოს ვარსკვლავის,“ დიდი გრიგოლ ხანცთელის მოსვლის შემდგომ დაიწყო, მის თავზეც და შესამოსელზეც საუფლო მადლის ბრწყინვალება ყველასაგან იხილვებოდა.
ნეტარმა მამამ სთხოვა ეფრემს, რომ ძმის, არსენის, კათოლიკოსობისთვის ხელი არ შეეშალა, რადგან ეს საქმე ღვთის განგებულებით იყო. ეფრემმა ერთხელ გაბედა მოძღვართან წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ როცა ღირსმა გრიგოლმა გააფრთხილა, რომ თუ წინააღმდეგობას გასწევდა, მას, როგორც მოძღვარს დაკარგავდა. ეფრემი ატირდა და მსწრაფლ დამორჩილდა მოძღვარს.
არსენი დადგინდა მცხეთის კათოლიკოსად და იგი 27 წელი სიბრძნით განაგებდა ეკლესიას.
ეფრემმაც ბევრი სიკეთე გაუკეთა საქართველოს ეკლესიას. პირველი საუკუნიდან საქართველოში მირონი იერუსალიმიდან ჩამოჰქონდათ, წმ. ეფრემმა კი მოიპოვა უფლება იერუსალიმის პატრიარქისაგან, რომ იგი საქართველოში მოემზადებინათ. „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“. ეფრემ დიდი მაწყვერელი 40 წელი ეპისკოპოსობდა დიდი სიწმინდითა და მრავალი კეთილი სქმით აღბეჭდილი ცხოვრება განვლო.
წმინდა გრიგოლ ხანცთელისა და მისი მოწაფეების ლოცვით, მრავალი სასწაული აღესრულებოდა. სნეულთ კურნავდნენ, განსაცდელში ჩავარდნილთ იხსნიდნენ, ანგელოზებს ცხადად ემეტყველებოდნენ.
ერთხელ როცა წმინდა გრიგოლი და დედა ფებრონია საუბრობდნენ, ერთერთმა მონოზონმა, რომელიც მათ სიახლოვეს იმყოფებოდა, ყური მოჰკრა ნეტარი გრიგოლის სიტყვებს, რომლითაც იგი ღირს დედას ეკითხებოდა : „რა გითხრა შენ ანგელოზმან?“
ასეთი მაღალი იყო მათი სულიერი ურთიერთობები.
ღირსი და ღმერთშემოსილი მამა გრიგოლი ღრმად მოხუცდა, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი იყო. სახის ფერი არ შესცვლია და არ დაუძლურებულა. ნეტარი მამა მეტწილად შატბერდში იმყოფებოდა, რადგან სხვა მონასტრებში მამასახლისები დაედგინა და ძმებზე ისინი ზრუნავდნენ, წმინდანს კი მხოლოდ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეს აცნობებდნენ.
როდესაც ხანცთელი ბერები მიხვდნენ, რომ მოახლოვებული იყო მათი სულიერი მამის აღსასრული, ვისაც სიარული შეეძლო, ყველანი გაეშურნენ შატბერდში და სთხოვეს ხანცთაში დაბრუნება, რადგან ხანცთა მისი შრომისა და ღვაწლის პირველნაყოფი იყო. შატბერდელ ბერებს გაუძნელდათ სულიერ მამასთან განშორება, მაგრამ სიმართლე ხანცთელთა მხარეს იყო და უარი ვერ უთხრეს. მამა გრიგოლმა შატბერდვლ ძმებს მოუწოდა და განუწესა, რომ ამ ორ მონასტერს შორის სამარადისოდ ყოფილიყო სულიერი ერთობა და სიყვარული. სხვა მრავალი დარიგებაც მისცა თავის შატბერდიდან სულიერ შვილებს, შემდეგ შევიდა ეკლესიაში, ცრემლმორეულმა ილოცა, ამბორისყოფით დაემშვიდობა ძმებს და გაემართა ხანცთისაკენ.
მამა გრიგოლის ხანძთაში დაბრუნებას სიხარულით შეხვდნენ ახლომდებარე უდაბნოების მკვიდრნიც. ბერები ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მის სანახავად და მისი ლოცვა-კურთხევა მიჰქონდათ თან. გაიხარა მამა გრიგოლმაც, როცა თავისი მონასტერი აღორძინებული იხილა და აკურთხა წინამძღვარი მამა ეპიფანე და მონასტრის ძმები.
ნეტარმა სიკვდილთან მიახლოვებისა და ღმერთთან მისვლის დრო წინასწარ შეიცნო. მან უდაბნოს ყველა სავანეში ცვილის კელაპტრები დააგზავნა და შეუთვალა, როდის უნდა აენთოთ სანთლები და ელოცათ მისთვის; ხოლო, როდესაც ის დღე დადგა, როგორც ღმრთისმშობლის მიძინებისას მიიწივნენ წმინდა მოციქულები, ასევე ნეტარი მამის სენაკშიც, დათქმულ დროს მის პატივსაცემად და კურთხევის მისაღებად შემოიკრიბნენ წმინდა მამები. ნეტარმა მამამ მრავალგზის დამოძღვრა ისინი.
გარდაცვალების წინ მიუწვდომელი ნათელი დაადგა და საკმეველის კეთილსურნელებამ აავსო მისი სამყოფელი, ანგელოზთა ბანაკი გარე მოადგა მას. ეს სიახლე არ იყო, ვინაიდან ვინაიდან მას ჩვეულება ჰქონდა ზეციურ წმინდა ანგელოზთა ხილვისა, ახლაც მათგანვე ესმა სიხარულის მაუწყებელი ხმა „ნუ გეშინინ მოსვლად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტჱსო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა გიწესს მეუფჱ ცათაჲ ქრისტჱ. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა, ნეტარსა მას დიდებასა დამკვდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ“. ეს სიტყვები ესმოდა ზოგიერთ მის მოწაფესაც, ხოლო დიდებული ხილვა ყველამ იხილა.
მაშინ ნეტარმა გრიგოლმა გაიხარა დიდითა სიხარულითა, ჯვარი გადასახა მონასტერს, თავისი მოწაფეები და ერი საუკუნო კურთხევით აკურთხა, შეავედრა უფალ იესო ქრისტეს და შესთხოვა: „მეუფეო ქრისტე, მე, მონაჲ შენი, მაცხოვნე სასუფეველსა შენსა და წყალობით მომიხსენე სუფევითა შენითა“. შეავედრა რა სული უფალს, შეუერთდა ანგელოზთა კრებულს. კეთილად მოღვაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ღირსი გრიგოლი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში, 861 წ. 5 ოქტომბერს. წმინდანის ნეშტი, საკუთარი ანდერძისამებრ დაკრძალეს ხანცთის მონასტერში.