გვაკარგვინებს თუ არა მოდა ინდივიდუალურობას
ადამიანები, რომლებიც მოდას ქმნიან, დანარჩენ სამყაროს კარნახობენ თანამედროვეობის წესებსა და მოთხოვნებს. მათი წყალობით, გაბატონებული აზრი, ე.წ. „ტრენდი“ ავანგარდულ პოზიციას იკავებს საზოგადოებაში. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ მომწონს ფრაზა, „მისდიო მოდას“, არის ის რომ იგი შინაარსობრივად გამორიცხავს ინდივიდუალიზმს, განსხვავებულ აზრს. თავის მხრივ, მეორე უკიდურესობაა ფრაზა „მოდას ჩამორჩენა“.
სწორედ ამიტომ, მრავალი ადამიანი მიიჩნევს, რომ მოდას არც უნდა მისდიო და არც ჩამორჩე. ერთი შეხედვით, ოქროს შუალედის პოვნა საკმაოდ რთულია, რაღაც წერტილის გულგრილობასა და ერთგულებას შორის. პრობლემის გასაღები, ჩემი აზრით, კრიტიკულ თვალშია. მრავალი ადამიანი, იმ თვითდასახული მიზნით, რომ გამოეყოს დანარჩენ საზოგადოებას და უარი თქვას მოდაზე, მუდმივად უარყოფს მის ირგვლივ გაბატონებულ პოპულარულ აზრებს. შესაბამისად, იგი თავისდა უნებურად მაინც მოდის ძლიერი გავლენის ქვეშ ექცევა, აღიარებს რა ყველაფერ საპირისპიროს.
შეცდომა, რასაც ისინი უშვებენ სწორედ კრიტიკული ხედვის, განსჯის სრული უარყოფაა. აზრისა თუ ტენდენციის მიღება ან გვერდზე გაწევა მხოლოდ მისი „წარმომავლობის“ გამო უგუნურებაა. ნაცვლად ამისა, ხალხი უნდა გაეცნოს მოდას, შეაფასოს იგი, გადაწყვიტოს რა არის მისთვის მისაღები და რა არა და თუ საჭირო გახდა, თავისი ინდივიდუალური, უნიკალური შეხედულებებიც ჩამოიყალიბოს.