ფარსმან ქველი და რომის იმპერია

პონტოს სამეფოს განადგურების შემდეგ რომის იმპერია ირანის ტერიტორიაზე არსებულ პართიას გაუმეზობლდა. პართიამ დაუდო ზღვარი რომის იმპერიის აღმოსავლეთით წინსვლას. მათი შემდგომი ურთიერთობა, ხან ომით და ხან ზავით მთავრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ I-II სს. რომის სიძლიერის ხანად ითვლება, რომის იმპერია ამ დროს ძირითადად დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობდა. ქართლის სამეფოც ამ პერიოდში ნელ–ნელა გაძლიერდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ რომს პართიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩრდილო კავკასიელი მეომარი ტომების შესაჩერებლად ძლიერი ქართლის სამეფო სჭირდებოდა და ხელს არ უშლიდა მის გაძლიერებას. ქვეყანა განსაკუთრებით გაძლიერდა II ს-ის 30–50 - იან წლებში, როდესაც აქ მეფობდა ფარსმან ქველი. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ადრიანე(117–138). ადრიანე იმპერიის აღმ. პროვინციების მმართველებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. როდესაც ის კაბადოკიაში ჩავიდა, მან აღმოსავლეთის მეფეები და მთავრები თავისთან მიიწვია. ფარსმანმა, რომელსაც თავი დამოუკიდებლად ეჭირა, უარი თქვა მიწვევაზე, მიუხედავად იმისა, რომ ადრიანემ მას ყველაზე მდიდრული საჩუქრები, მათ შორის სპილო და 50 მხედარი გაუგზავნა. ფარსმანმა მართალია ჩამოსვლა არ ისურვა, მაგრამ თვითონაც უამრავი საჩუქარი გამოუგზავნა ადრიანეს, მათ შორის მოოქროვილი წამოსასხამები. გაბრაზებულმა ადრიანემ ეს მოსასხამები არენაზე გამოსულ გლადიატორებს ჩააცვა.

ამ დაპირისპირების მიზეზი, როგორც ჩანს ის იყო, რომ ფარსმანმა რომის იმპერატორის ნებართვის გარეშე თავისი სამეფო შავ ზღვამდე გააფართოვა (თანამედროვე გურია–აჭარის ტერიტორიები). თუმცა შემდგომმა იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა (138–161) ეს ტერიტორიები ფარსმანს დაუმტკიცა და რომთან ურთიერთობა მოწესრიგდა. ფარსმანი რომშიც კი ჩავიდა თავის ოჯახთან ერთად. იმპერატორმა მას ნება მისცა კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება კი მარსის მოედანზე აღმართა. ამ პერიოდში ფარსმანს პართელებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და მის საზღვრებს ჩრდილო კავკასიელებს ხშირად შეუსევდა ხოლმე. ამიტომ მათ მოისყიდეს მისი მზარეული და მოწამლეს