სინტაქსი
სინტაქსი არის გრამატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის წინადადებასა და წინადადების წევრებს.
სიტყვას ან სიტყვათა ჯგუფს, რომელიც დასრულებულ აზრს გადმოგვცემს წინადადება ჰქვია.
ქართული ენის მორფოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, წინადადება განისაზღვრება როგორც შესიტყვება, რომელსაც უმთავრესად ქმნის უღლებადი სიტყვა ზმნა და მასთან დაკავშირებული სახელები.
წინადადება ძირიტადი სინტაქსური ერთეულია. წინადადებაში შემავალი სრულმნიშვნელოვანი სიტყვები წინადადების წევრებია.
სრულმნიშვნელოვანია სიტყვა, რომელსაც კითხვა დაესმის - ე.ი. წინადადების წევრები გადმოცემულია სრულმნიშვნელოვანი მეტყველების ნაწილებით.
წინადადების წევრი უმცირესი სინტაქსური ერთეულია.
ქართულში წინადადების სინტაქსურ მექანიზმს განსაზღვრავს ზმნა. ქართული ზმნა ან ერთპირიანია (აბსოლუტური), ან ორ–და სამპირიანი (რელატიური).
აბსოლუტურზმნიანი წინადადების მექანიზმს ქმნის მართვა, სუბორდინაცია (დგას იგი, შენდება ის). სახელი, მორფოლოგიურად დაკავშირებული ზმნასთან, მართავს ზმნის პირს და ითანხმებს რიცხვს.
რელატიურზმნიანი წინადადება ორი სახისაა: გარდამავალზმნიანი (აშენებს ის მას, სთხოვს ის მას მას) და გარდაუვალზმნიანი (ემალება ის მას, უშენდება ის მას). ამ ტიპის წინადადებები უჩვეულოა სხვა (მაგალ., ინდოევროპული) ენებისათვის.
რელატიურზმნიან წინადადებაში მართვის ადგილს იჭერს კოორდინაცია. კოორდინაცია ეწოდება ისეთ რთულ სინტაქსურ ურთიერთობას, როდესაც ზმნა მართავს მასთან მორფოლოგიურად დაკავშირებული სახელების (სუბიექტისა და ობიექტის) ბრუნვებს, სახელები თავის მხრივ მართავენ ზმნის პირს და ითანხმებენ რიცხვს /არნ.ჩიქობავა/. ზმნა–შემასმენელი არის კოორდინაციის ცენტრი, იგივე ძირითადი კოორდინატი, სახელები – კოორდინატები, რომლებიც სამი სახისაა: დიდი, მცირე და უმცირესი.
დიდია ის კოორდინატი,რომელიც მართავს ზმნის პირს და ითანხმებს რიცხვს.
მცირეა ის კოორდინატი, რომელიც მართავს ზმნის პირს, მაგრამ არ ითანხმებს რიცხვს.
უმცირესია ის კოორდინატი, რომელიც ითანხმებს ზმნის რიცხვს, მაგრამ არ მართავს პირს.
შესაბამისად,ზმნასთან დაკავშირებული სუბიექტური, ირიბობიექტური და პირდაპირობიექტური პირები კოორდინატთა სხვადასხვა საფეხურზე გადანაწილდებიან. მაგალითად, გარდამავალზმნიან წინადადებაში მან სთხოვა მას იგი _ მან დიდი კოორდინატია, მას – მცირე კოორდინატი, ხოლო იგი _ უმცირესი; გარდაუვალზმნიან წინადადებაში ის ემალება მას _ ის დიდი კოორდინატია, მას _ მცირე კოორდინატი.
სინტაქსური ერთეულია აგრეთვე სინტაქსური წყვილი. სინტაქსურ წყვილს ქმნის აზრობრივად დაკავშირებული ორი წევრი. წინადადებაში რამდენი წევრიცაა, იმაზე ერთით ნაკლები სინტაქსური წყვილია.
- ბავშვი ეზოში თამაშობს. წინადადებაში სამი წევრია და შესაბამისად ორი სინტაქსური წყვილი შედგება: ბავშვი თამაშობს; ეზოში თამაშობს.
სინტაქსური ურთიერთობის სახეებია: შეთანხმება, მართვა, მირთვა.
შეთანხმება : როდესაც ერთი წევრი მეორისაგან თხოულობს ისეთ ფორმას, რომელიც თვითონ გააჩნია. მაგ: ლამაზი გოგონა; ლამაზმა გოგონამ; ლამაზ გოგონას ....
მართვა : როდესაც ერთი წევრი მეორისაგან მოითხოვს იმ ფორმას, რომელიც თვითონ არ გააჩნაი. მაგ: მეგობრის წიგნი; მეგობრის წიგნმა; მეგობრის წიგნს ...
მირთვა : ეს ის შემთხვევაა , როდესაც ორი წევრი აზრობრივადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. მაგ: ძალიან აცივდა.
- სინტაქსში გამოიყოფა მთვარი წევრები ( ქვემდებარე, შემასმენელი, პირდაპირი და ირიბი დამატება) და არამთავარი წევრები ( განსაზღვრება, გარემოება და უბრალო დამატება).
შემასმენელი
შემასმენელი წინადადების მთავარი წევრია, რომელიც ზმნის პირიანი ფორმითაა გადმოცემული. შემასმენელი ორგვარია: მარტივი და შედგენილი.
მარტივი შემასმენელი გადმოცემულია ზმნის ამა თუ იმ მწკრივის ფორმით. მაგ: ვხატავ, ვწერ, გავზრდილვარ...
შედგენილია შემასმენელი , რომელიც შედგება ბრუნებადი სიტყვისა და მეშველი ზმინსაგან. (მეშველი ზმნებია: ვარ, ხარ, იყო). მაგ: მეგობრები არიან; ათოსანი იყო; და ა.შ.
მეშველი ზმნა ზოგჯერ შეიკვეცება და ა-ს სახით უბრუნდება სიტყვას. მაგ: მეგობარია, გაზრდილია...
- თუ შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილიმრავლობითი რიცხვითაა გადმოცემული, მაშინ მისი ზმნური ნაწილი, ანუ მეშველი ზმნა სრული სახით უნდა ვიხმაროთ. მაგ: ისინი მეგობრები არიან.
სწორი ფორმაა : ისინი კმაყოფილ(ნ)ი იყვნენ; ისინი მშვენიერ(ნ)ი იყვნენ...
ორივე შემთხვევაში ნარ-თანიანი მრავლობითის ფორმა მისაღებია.
მეშველი ზმნის მნიშვნელობით იხმარება ზმნები: გახდა, დარჩა, გამოდგა, ჩანს. მაგ: ისინი კმაყოფილ(ნ)ი ჩანან. მცდარი ფორმაა: ისინი კმაყოფილები ჩანან.
- რა მიქნია? - კითხვაზე, ვარ მეშველფორმიან ზმნებთან ვ თავსართი რთული ზმნის ორივე ფორმას დაერთვის. მაგ: გავზრდილვარ, ავღელვებულვარ....
ქვემდებარე
ქვემდებარე არის წინადადების ერთ-ერთი მთავარი წევრი, რომელიც ზმნის სუბიექტური ფორმითაა გადმოცემული. სუბიექტი ბრუნვადი სიტყვითაა გადმოცემული. იგი გვხვდება სახ. მოთ. და მიც. ბრუნვაში. ასრულებს ზმნით გადმოცემულ მოქმედებას. სინტაქსურად ქვემდებარე- შემასმენლით გადმოცემულ მოქმედებას ასრულებს.
ქვემდებარისა და შემსამენლის ურთიერთობა რიცხვში
- თუ ქვემდებარე მხ. რიცხვშია, შემასმენელიც მხ. რიცხვში შეეწყობა. მაგ: ბავშვი ბურთს თამაშობს.
თამაშობს - შემასმენელი (ზმნა).
ბავშვი - ქვემდებარე (S- სუბიექტი).
ბურთს - პირდაპირი დამატება (Oპ.)
- თუ ქვემდებარეს მსაზღვრელად ახლავს მრავლის აღმნიშვნელი სიტყვა, შემსამენელი მხ. რიცხვში შეეწყობა. მაგ: ორი კაცი სოფელში წავიდა.
- თუ ქვემდებარე კრებითი სახელითაა გადმოცემული, შემსამენელიც მხ. რიცხვში შეეწყობა. მაგ: დღეს ნათესაობა მეწვია.
- და-ძმა ტიპის კომპოზიტით გადმოცემულ ქვემდებარეს შემასმენელი მხ. რიცხვში შეეწყობა.
- თუ ქვემდებარე უსულო საგნითაა გადმოცემული და დგას მრ. რიცხვში, შემსამენელი იმ შემთხვევაში შეეწყობა რიცხვში თუ ქვემდებარეს სულიერის თვისებები აქვს მიწერილი. მაგ: ხეები ჩურჩულებენ. მაგრამ თუ ქვემდებარეს არ აქვს მიწერილი სულიერის თვისებები , შემსამენელი მხ. რიცხვში შეეწყობა. მაგ: ხეები დგას; ხეები დაიმტვრა; შეცდომაა: ხეები დაიმტვრნენ....
- თუ ქვემდებარე კრებითი სახელითაა გადმოცემული, ხოლო შემსამენელი რიცხვში მონაცვლე ზმნით- ამ შემთხვევაში რიცხვში მონაცვლე ზმნა მრ-ის ფუძით და მხ-ის ფორმით შეეწყობა. მაგ: ადამიანები დასხდნენ; ხალხი დასხდა.... შეცდომაა: ხალხი დასხდნენ...
პირდაპირი დამატება
პირდაპირი დამატება წინადადების მთავარი წევრია, რომელიც ზმნის პირდაპირ-ობიექტური ფორმითაა გადმოცემული. პირდაპირი დამატება მხოლოდ გარდამავალი ზმნით გადმოცემულ შემსამენელთან მოგვეპოვება. პირდაპირი დამატების ბრუნვებია: სახ. და მიც.
ირიბი დამატება
ირიბია დამატება, რომელიც ზმნის ირიბ-ობიექტურ პირთანაა შეწყობილი. ბრუნვაუცვლელია და მუდამ მიც. ბრუნვაში დგას. მოგვეპოვება ორპირიან გარდაუვალ და სამპირიან ზმნებთან. ზოგჯერ ორივე დამატება მიც. ბრუნვაშია. იმისათვის, რომ გამოვიცნოთ თუ რომელია ირიბი და რომლი პირდაპირი , ზმნას უნდა შევუნაცვლოთ - რა ქნა? მეორე სერიის კითხვა. პირდაპირი დამატება აუცილებლად სახ. ბრუნვაში გადავა.
მაგ:
დედა შვილს ნამცხვარს უცხობს. - რას შვრება?
დედამ შვილს ნამცხვარი გამოუცხო. - რა ქნა?
შვილს - არის ირიბი დამატება, ხოლო ნამცხვარი- პირდაპირი დამატება.
უბრალო დამატება
უბრალო დამატება წინადადების არამთავარი წევრია, რომელიც უშუალო კავშირშია ზმნა-შემასმენლით გამოცემულ მოქმედებასთან.
უბრალო დამატება ბრუნებადი სიტყვით გადმოიცემა. მისი ბრუნვებია: მიც. ნათ. მოქ. ვით.
პასუხობს კითხვებზე: რაში? რაზე? რასთან? ვისთან? ვისით? რისით? ვისთან ერთად? და ა.შ.
მაგ: თვითონვე გრძნობდა მარიტა ბუნების მიერ მომადლებულ ნიჭს.
თვითონვე- უბრალო დამატება. გრძნობდა-შემასმენელი. მარიტა- ქვემდებარე. ბუნების მიერ- უბრალო დამატება. ნიჭს- პირდაპირი დამატება.
გარემოება
გარემოება არის წინადადების არამთავარი წევრი, რომელიც ზმნიზედითაა გადმოცემული- ე.ი. ახლავს ზმნას და აღნიშნავს სად? როდის? როგორ? რატომ? რისთვის? ხდება მოქმედება. გარემოების სახეებია: ადგილისა, დროისა, ვითარებისა, მიზეზისა, მიზნისა.
განსაზღვრება
განსაზღვრება არის წინადადების არამთავარი წევრი, რომელიც ახლავს არსებითი სახელით გადმოცემულ წევრს და მას რაიმე ნიშნის მიხედვით ახასიათებს.
განსაზღვრება გადმოცემულია ზედსართავი, რიცხვითი, არსებითი და ნაცვალსახელებით, ასევე მიმღეობით.
პასუხობს კითხვებზე: როგორი? რანაირი? სადაური? როდინდელი? რამდენი? მერამდენე? მერამდენედი? ვისი? რისი? და ყველა იმ კითხვაზე რომელისაც ზემოთ აღნიშნული მეტყველების სახელები პასუხობენ.
მაგ: შიკომ მარის თეთრი ყვავილი მიართვა.
შიკომ- ქვემდებარე. მარის- ირიბი დამატება. თეთრი- განსაზღვრება. ყვავილი- პირდაპირი დამატება. მიართვა- შემასმენელი.
განსაზღვრების საზღვრულთან შეწყობა
განსაზღვრება და არსებითი სახელი მსაზღვრელ-საზღვრულია. როცა ჯერ განსაზღვრება დგას და მერე არსებითი სახელი - პირდაპირი წყობაა. მაგ: წითელი ვაშლი; ლამაზი გოგონა...
როცა ჯერ არსებითი სახელი დგას და მერე განსაზღვრება, ამ შემთხვევაში შებრუნებული წყობაა. მაგ: გოგონა ლამაზი; ვაშლი წითელი...
- თუ განსაზღვრება თანხმოვანფუძიანია და პირდაპირი წყობაა, მსაზღვრელი ანუ განსაზღვრება სახ-ში, მოთ-სა და წოდ-ში ბრუნვის ნიშნებს სრულად დაირთავს. მიც-სა და ვით-ში ფუძის სახით იხმარება. ნათ-სა და მოქ-ში ი ბრუნვის ნიშანს დაირთავს. საზღვრული არსებითი სახელი კი ბრუნვის ნიშნებს ჩვეულებრვ/სრულად დაირთავს.
- თუ მსაზღვრელი ხმოვანფუძიანია და პირველ ადგილას დგას ანუ პირდაპირი წყობაა, მსაზღვრელი ყველა ბრუნვაში ფუძის სახით შეეწყობა, ხოლო საზღვრული ჩვეულებრივ იბრუნვის.
- თუ წყობა შებრუნებულია , ბრუნვის ნიშნებს ორივე სრულად დაირთავს- მსაზღვრელიც და საზღვრულიც.
- თუ მსაზღვრელი არსებითი სახელითაა გადმოცემული, მსაზღვრელი არსებითი სახელი სახ-ში, მოთ-სა და წოდ-ში ბრუნვის ნიშნებს სრულად დაირთავს, დანარჩენ ბრუნვაში ფუძის სახით იხმარება.
- თუ მსაზღვრელი- ბატონი ან ქალბატონია, ნათ-სა და მოქ-ში ი ბრუნვის ნიშნას დაირთავს.
- თუ მსაზღვრელი ნათ. ბრუნვის ფორმითაა გადმოცემული და პირდაპირი წყობაა, მსაზღვრელი ყველა ბრუნვაში ნათ. ბრუნვის ფორმით შეეწყობა. მაგ: მეგობრის წიგნი.
- თუ წყობა შებრუნებულია მსაზღვრელი ბრუნვის ნიშნებს დაირთავს მოთ-ში, მიც-სა და წოდ-ში. მოქ-სა და ვით-ში ბრუნვა არ აქვს.
რამდენიმე მსაზღვრელი საზღვრულთან
- როდესაც საზღვრულს მსაზღვრელად ახლავს რიცხვითი სახელი და ზედსართავი სახელი (ზედსართავი სახელი არ გამოხატავს კუთვნილებას) ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე დგას რიცხვითი სახელი. მაგ: ორი მაღალი კაცი; ბევრი წითელი ბურთი ...
- თუ საზღვრულს მსაზღვრელად ახლავს ზედსართავი სახელი და ნათ. ბრუნვაში დასმული მსაზღვრელი და გამოხატავს კუთვნილებას, ამ შემთხვევაში ნათ. ბრუნვაში დასმული მსაზღვრელი პირველ ადგილზე დგას. მაგ: მეზობლის ლამაზი ბავშვი; მეზობლის ორი მანქანა...
- თუ ნათესაობით ბრუნვაში დასმული სახელი (იგივე მართულ მსაზღვრელი) გამოხატავს დანიშნულებას ან მასალას, მაშინ იგი მეორე ადგილზე დგას. მაგ: მწვანე ჩაის ფინჯანი;
- თუ არსებით სახელს მსაზღვრელად ახლავს ვითარებითი და მიმართებითი სახელი, პირველ ადგილზე ვითარებითი ზედსართავი სახელი დგას.
- თუ ერთ-ერთი მსაზღვრელი კუთვნილებითი ნაცვალსახელია, პირველ ადგილზე ყოველთვის ნაცვალსახელი დგას. მაგ: ჩემი კარგი მეგობარი; ეს სასიკეთი საქმე...
- თუ ორივე მსაზღვრელი მიმართებითი ზედსართავი სახელია, მეორე ადგილზე უნდა იდგეს „ურ“ სუფიქსიანი, მიმართებითი ზედსართავი სახელი. მაგ: ახლანდელი საამური ცხოვრება ...