გრიგოლ ხანძთელი - განხილვა
გრიგოლ ხანძთელი (დ. 5 ოქტომბერი, 759 — გ. 861) — ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი მერჩულემ. გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ქართლში წარჩინებულ ოჯახში, 759 წელს. აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე (ნერსეს მეუღლის ძმისწული და შვილობილი იყო). თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ტაო–კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი. გრიგოლ ხანძთელმა იცხოვრა 102 წელი და გარდაიცვალა 861 წელს.
გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი. გრიგოლ ხანძთელის წაბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობაიშხანში, ბარეთელთაში, ნეძვში, წყაროსთავში და სხვა. გრიგოლ ხანძთელი ცხოველ მონაწილეობას იღებდა კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. IX საუკუნის 30-იან წლებში იგი ტაო–კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილისის ამირა, საჰაკის აგენტი — ანჩის ეპისკოპოსი „ცქირი“.
გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად.
გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა (აქედანაა მისი ზედწოდება) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა. გრიგოლ ხანძთელი იყო მის მიერ დაარსებულ მონასტრებში გაჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი.