მეწყერი

ლექსი მეწყერი უდიდესი ადამიანისა და უბადლო პოეტის ტიციან ტაბიძის შემოქმედების ნაწილია, რომლითაც ის თავის პოეზიისადმი დამოკიდებულებასა და მის მიმართ ძლიერ ლტოლვას გამოხატავს. ტიციანი ლექსებს, მოვარდნილ მეწყერს უწოდებს, სიმბოლურად მასთან უეცრად მოვარდნილი მუზებისა. პოეტმა იცის თავისი ლექსებისა და შემოქმედების ფასი, თუმცა იმასაც ამბობს, რომ თავისი სიკვდილის შემდეგ, ერთ პოეტს მაინც, თუ გულზე მოხვდება და ჩაწვდება მის ლექსებს ეს საკმარისი იქნება მისი შემოქმედების აღიარებისთვის. ტიციანის მთელი ცხოვრება და ცხოვრების გზა პოეზიას უკავშირდება, ლექსები იყო მისი საგზალი. ლექსებში, ტიციანი ხშირად გამოხატავდა თავის პატრიოტიზმს და უდაოდ აღსანიშნავია მისი სიქართულე და ქართველი ერისადმი გულისტკივილი. ის ბედნიერება და ის განცდები, რაც მას ცხოვრებაში დააკლდა, მან თავის პოეზიაში ჩააქსოვა, თავის ლექსებს მისცა უკვდავება. გენიალური პოეტი და მრავალი ლექსის ავტორი 1937 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი ლექსები დღემდე ცოცხალი და დაუვიწყარია.

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, 

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. 

ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, 

რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.


მე დავიბადე აპრილის თვეში, 

ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან, 

მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში 

მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.


აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, 

ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება, 

ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება 

და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.


იტყვიან ასე: იყო საწყალი, 

ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი. 

ლექსები იყო მისი საგზალი, 

არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.


და აწვალებდა მას სიკვდილამდე 

ქართული მზე და ქართული მიწა, 

ბედნიერებას მას უმალავდენ, 

ბედნიერება მან ლექსებს მისცა.


მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს, 

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. 

ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, 

რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.