გამზრდელი

XIX საუკუნის საქართველოში, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის სახელთანაა დაკავშირრებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული ყველა მნიშვნელოვანი მომენტი. აკაკი წერეთელი დიდ ადგილს უთმობდა თანამედროვე საზოგადოების უარყოფით და დადებით მხარეთა ჩვენებას. ქმნიდა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს: პოემებს, ლექსებს, მოთხრობებს, მისთვის, როგორც ტიპიური „თერგდალეულისთვის“, ძალიან საინტერესო თემას წარმოადგენდა საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობის საკითხი, ასევე აღზრდის როლი ადამიანის ჩამოყალიბების საქმეში. ამ საკითხს ეძღვნება აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელი“, რომელშიც აღწერილია საზოგადოებრივი ცხოვრების საკმაოდ რთული და აქტუალური პრობლემები. პირველი: ხალხურ ზნე-ჩვეულებათა დაცვის აუცილებლობა, ადამიანის მორალური სიწმინდე; მეორე: აღმზრდელის როლი და პასუხისმგებლობა ახალგაზრდის აღზრდის საქმეში.

პოემაში დასახული მიზნის გადასაწყვეტად პოეტს შემოყავს ერთმანეთის საპირისპირო ხასიათისა და ბუნების პერსონაჟები: „რთული ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილი“ - ბათუ, აღმზრდელი ჰაჯი უსუბი და ხორციელ ვნებებს აყოლილი თავადის შვილი საფარ-ბეგი.

ავტორმა ბათუში ჩააქსოვა, გლეხკაცისთვის ყველა დამახასიათებელი დადებითი თვისება: ვაჟკაცობა, გონიერება, სტუმართმოყვარეობა. ბათუ ღარიბი აფხაზი იყო. ყავდა ლამაზი, მოსიყვარულე მეუღლე - ნაზიბროლა. აკაკი შეჰხაროდა მათ ბედნიერებას

„ნეტავი მათ!.. მათ სიყვარულს

და მათ უხმო აღსარებას!..

ერთად ჰგრძნობენ ამ ქვეყნადვე

სასუფევლის ნეტარებას!“

ბათუ დიდი რწმენითა და კეთილშობილებით აფასებდა ძმათნაფიცობას, ძუძუმტეობას, ამიტომ თვითონ იკისრა საფარ-ბეგის მაგივრად სახიფათო საქმეზე წასვლა.

„შენ ეგ საქმე მე მომანდე,

მე ვიზამ შენ მაგივრობას;

ან მოგიყვან იმ ცხენს,

ან თავს შევწირავ შენს მეგობრობას.“

მართლაც მოიყვანა ბათუმ ცხენი და მიჰგვარა იგი საფარ-ბეგს... ნაზიბროლასგან გაიგო ბათუმ ძუძუმტის უღირსი საქციელის შესახებ, მაგრამ მან მაინც გაუძლო ამ უმძაფრეს განსაცდელს, რადგან მოთმინებითა და სიმტკიცით სულიერი წონასწორობა შეენარჩუნებინა.  მოღალატე საფარ-ბეგს, ბათუ თავის მწუხარებას სახლში არ უმხელდა და მხოლოდ მაშინ, როდესაც სახლ-კარს მოშორდნენ ბათუ ეუბნება საფარ-ბეგს:

„საფარ-ბეგო, მძიმე პირშაობა

ვიცი, შენი შემიტყვია!

და დღეიდან ჩვენს ორს შუა

მოციქული არის ტყვია!“

მართალია, მათ შორის სამუდამო მტრობა ჩამოვარდა, მაგრამ ბათუს მაინც არ შეეძლო თავის ძუძუმტეზე ხელის აღმართვა:

„არა, შენ ვერ შეგეხება

სასიკვდილოდ ჩემი ტყვია:

დედაჩემის გაზრდილი ხარ

მისი ძუძუ გიწოვია...“

საფარ-ბეგი, ვერაგი, მორალურად გადაგვარებული ადამიანი იყო, ხალხის ტრადიციების უარმყოფელი, ძმობის შემლახავი, სატრფოს გულის მოსაგებად, მან ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის ნაცვლად, ქურდობა იკისრა. ზია-ხანუმის დავალებასაც არ აქვს არანაირი გასამართლებელი საფუძველი. მაშინ როცა სახელოვანი ქართველები სატრფოსაგან მშობელი ქვეყნის სამსახურსა და მისთვის თავგანწირვას მოითხოვდნენ, ზია-ხანუმი თავის მიჯნურს ცხენის ქურდობას ავალებდა.

საფარ-ბეგმა შელახა ძიძშვილის ოჯახის ტრადიციული სისპეტაკე, არ დაინდო, მისთვის თავგანწირული ძუძუმტე და ამით უმძიმესი სულიერი ტანჯვა მიაყენა მეგობარსაც და აღმზრდელსაც, მაგრამ საფარ-ბეგის უარყოფით თვისებებთან ერთად აკაკი წერეთელი მის ზოგ დადებით თვისებაზეც მიგვანიშნებს. ასე მაგალითად, ჩადენილი მძიმე შეცდომის შეგნებასა და მის შემდგომ სინდისის ძლიერ ქენჯნაზე, დარცხვენილი საფარ-ბეგი ძიძიშვილს ეუბნებოდა:

„ჩემს სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს,

მომკალ... ტანჯულს რამ მიშველე,

მაზღვევინე, რაც შევცოდე,

სინდისი გამიმთელე...“

საფარ-ბეგზე დადებითად იმოქმედა ძიძიშვილის მაღალზნეობრივმა საქციელმა. იგი მზად იყო სიცოცხლის ფასად გამოესყიდა თავისი დანაშაული. გამზრელს დაწვრილებით უამბო ყველაფერი და შემართული დამბაჩის მორჩილებით გულ-მკერდს უშვერდა.

ავტორის თქმით აღმზრდელი - ჰაჯი-უსუბი  ცნობილი იყო თავისი ჭკუითა და გონებით. მას შეგნებული ჰქონდა თავისი მოვალეობის პასუხისმგებლობა. მას მრავალი თავადიშვილი ყავდა აღზრდილი და მათ უპირველეს ყოვლისა ზნეობრივ სიწმინდეს ასწავლიდა. მისი რწმენით აღმზრდელმა პასუხი უნდა აგოს თავისი აღზრდილის ქცევასა და მოქმედებისთვის. ამიტომაც იგი მუხლმოდრეკილსა და მკერდმიშვერილ საფარ-ბეგს ეუბნებოდა:

„შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!

სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,

რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!

წარმოსთქვა და საფეთქელში

მიიჭედა ცხელი ტყვია!..

ჩაიკეტა სულთამბრძოლი,

წამლის კვამლში გაეხვია...“

ჰაჯი-უსუბი ზნეობრივი სისპეტაკის განსახიერება იყო. მას ღრმად ჰქონდა შეგნებული მოვალეობა და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.

ადამიანის აღზრდაში აკაკი, მართალია, აღმზრდელის გადამწყვეტ როლს ანიჭებს, მაგრამ იქვე უმატებს;

„მაგრამ მარტო წრთვნა რას იზავს

თუ გუნებამაც არ უშველა?!“