შერწყმული წინადადება

წინადადებაში ხშირად არის რამდენიმე ერთგვარი წევრი.

ერთგვარია წევრები, რომლებიც ერთსა და იმავე წევრს უკავშირდებიან და ერთსა და იმავე კითხვაზე მიუგებენ. მაგალითად:

 

ტყე ხმაურობდა, დუდუნებდა, შრიალებდა, ფუსფუსებდა.

ამ წინადადებაში ერთ ქვემდებარესთან ოთხი შემასმენელია დაკავშირებული. მათი საერთო კითხვაა: რას შვრებოდა? მაშასადამე, ხმაურობდა, დუდუნებდა, შრიალებდა, ფუსფუსებდა ერთგვარი შემასმენლებია.

 

ბრწყინავს ფირუზი, მარგალიტი, ლალი, ალმასი.

აქ ერთ შემასმენელთან ოთხი ქვემდებარეა. მათი კითხვაა: რა ბრწყინავს? ფირუზი, მარგალიტი, ლალი და ალმასი ერთგვარი ქვემდებარეებია.

ერთგვარი შეიძლება იყოს სხვა წევრებიც. მაგალითად:

 

ხეხილი წითლად, ყვითლად, თეთრად ყვაოდა.

ამ წინადადებაში შემასმენელს სამი ერთგვარი არამთავარი წევრი ახლავს: წითლად, ყვითლად, თეთრად.


ისეთ წინადადებას, რომელიც რამდენიმე ერთგვარ წევრს შეიცავს, შერწყმული წინადადება ჰქვია.
 
მაშასადამე, ზემოთ განხილული სამივე წინადადება შერწყმულია.