პირდაპირი ნათქვამი
ვისიმე ნათქვამი შეიძლება გადმოიცეს უცვლელად, სიტყვასიტყვით.
ბულბულმა თქვა: „მე არა ვარ მეომარი ფრინველი“.
აქ ბულბულის ნათქვამი გადმოცემულია უცვლელად, სიტყვასიტყვით.
უცვლელად გადმოცემულ ვისიმე ნათქვამს პირდაპირი ნათქვამი ჰქვია.
მაშასადამე, „მე არა ვარ მეომარი ფრინველი“ პირდაპირი ნათქვამია.
პირდაპირ ნათქვამს ჩვეულებრივ ახლავს ავტორის სიტყვები, რომლებიც მიგვითითებენ, ვის ეკუთვნის პირდაპირი ნათვამი. ჩვენს მაგალითში ავტორის სიტყვებია „ბულბულმა თქვა“, რომელიც გვაგებინებს, რომ პირდაპირი ნათქვამი ბულბულს ეკუთვნის.
დასახელებულ მაგალითში ავტორის სიტყვები უსწრებს პირდაპირ ნათქვამს, მაგრამ შეიძლება მოსდევდეს მას. მაგ.: „მე არა ვარ მეომარი ფრინველი“, - თქვა ბულბულმა.
პირდაპირ ნათქვამს ხშირად დაერთვის ნაწილაკები: -მეთქი, -თქო და -ო.
-მეთქი აღნიშნავს პირველი პირის ნათქვამის განმეორებას.
- ტყუილია! ტყუილია-მეთქი!
- რა გაყვირებს? - ჰკითხა და სიჩუმის შემდეგ გაიმეორა:
- რა გაყვირებს-მეთქი?
-თქო დაერთვის პირველი პირის დანაბარებ სიტყვას, რომელიც მეორე პირმა მესამე პირს უნდა გადასცეს.
- წადი, დიდედა ქეთევანს მოახსენე, ფიქრიას სტუმარი მოჰყავს-თქო.
- წადი და მამას უთხარი, გელოდებით-თქო.
-ო დაერთვის მესამე პირის ნათქვამს. იგი ჩვეულებრივია ანდაზებში:
- უჰ, რა ვნახეთ, რა ვხახეთო! - წამოიყვირეს ყვავილებმა.
- თედო, სიკო გეძახის, გოდორი ამიწიეო.
კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავსო.
-ო სიტყვასთან ერთად იწერება, -მეთქი და -თქო კი დეფისით გამოიყოფა.
უნაწილაკო პირდაპირი ნათქვამი ჩვეულებრივ ბრჭყალებში ჩაისმის, ხოლო სხვა სასვენ ნიშანთა ხმარების წესები ასეთია:
1. თუ ავტორის სიტყვებს მოსდევს პირდაპირი ნათქვამი, ავტორის სიტყვების შემდეგ იწერება ორწერტილი, პირდაპირი ნათქვამის შემდეგ კი - ის სასვენი ნიშანი, რომელიც მას შეეფერება.
სახნისმა თქვა: „ქვესკნელს დავალ, მზისა შუქი მენატრება“.
ბოლოს ჰკითხა მან: „ვინა ხარ, შვილო?“
მდინარე უყეფს: „გზა მომეც!“
2. თუ პირდაპირი ნათქვამი თხრობილი წინადადებაა და მას მოსდევს ავტორის სიტყვები, პირდაპირი ნათქვამის შემდეგ მძიმე და ტირე იწერება.
„ქვესკნელს დავალ, მზისა შუქი მენატრება“, - თქვა სახნისმა.
3. თუ პირდაპირი ნათქვამი არაა თხრობითი წინადადება, მის შემდეგ იწერება სათანადო ნიშანი და ტირე.
„შეშა არა გაქვს?“ - ჰკითხა სტუმარმა.
„გზა! გზა!“ - დაუძახა მჭექარე ხმით შავარდენმა.
„ეგ აქ რა მოსატანია?!“ - ჰკითხა კესომ.