მრავალწერტილი და ორწერტილი
მრავალწერტილი
ა) მრავალწერტილი იწერება დაუმთავრებელი აზრის, გაწყვეტილი წინადადების ბოლოს: ჩვენ ხედვად და სმენად უღონონი ვართ და იქ კი... იქ კი რამოდენა ღონე ყოფილა შექმნისა... გიორგი...
ბ) მრავალწერტილი დაისმის წინადადებაში ან თვით სიტყვებში მღელვარებით ან სხვა რაიმე მიზეზით (ენის მოკიდება) გამოწვეული შეფერხების გამოსახატავად: გიორგი მაჯობე... ვკვდები. –სიზ...მარ...ში? გაოცებით იკითხა ერისთავმა და პირი გააღო.
გ) მრავალწერტილი დაისმის ციტატის თავში ან ბოლოში, თუ ციტირებული დასაწყისი ან ბოლო არ ემთხვევა წინადადების დასაწყისს ან ბოლოს დედანში: ილია წერდა: "... თუ მთქმელსა და გამგონეს ერთმანეთის ენა არ ესმით, იქ არც თქმაა და არც
გაგონება..."
დ) მრავალწერტილი დაისმის ციტატაში რომელიმე სიტყვის ან წინადადების გამოტოვების აღსანიშნავად: `კაცია ადამიანში~ ვკითხულობთ: "მაჭანკალი ... გახლდათ ერთი მოხუცებული, დარბაისელი, ლამაზი და ქვრივი დედაკაცი".
ორწერტილი
ა) ორწერტილი დაისმის შერწყმულ წინადადებაში ერთგვარი წევრების წინ _ ყველა მე ჩამომეკიდა: მამასახლისი, გზირი.
* შენიშვნა: თუ განმაზოგადებელი სიტყვა ერთგვარ წევრებს მოსდევს, ტირე დაიწერება. (მაგ.: დამჭკნარი დიყი, შუპა, შამბი, არყი და ცაცხვი ყველანაირად შფოთავდნენ.).
ბ) ორწერტილი დაისმის წინადადების ბოლოს, რომელსაც მოსდევს პირდაპირი ან ირიბი ნათქვამი: ყმაწვილმა კაცმა მიიწია მისკენ და ხმადადაბლებით ჰკითხა: - თქვენ მართლა ეძებთ სადედინაცვლო ქალს?
გ) ორწერტილი დაისმის ციტატის წინ. ილია წერდა: "ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს, - ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა დაიბერტყაო,
იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის."
დ) ორწერტილი დაისმის უკავშირო რთული წინადადების ბოლოს, რომელსაც მოსდევს ერთი ან რამდენიმე წინადადება და მასში ახსნილია, დაკონკრეტებულია ის, რაზედაც საჭიროა საუბარი მთავარ წინადადებაში: "ქვეყანაზე ორი მოპირისპირე ძალა
არსებობს: სიმდიდრე და სიღარიბე, ძლიერი და სუსტი".
ე) ორწერტილი დაისმის მთავარ წინადადებასთან მაშინაც, როცა მომდევნოში მოცემულია მიზეზი, შედეგი, საფუძველი იმისა, რის შესახებაც მასშია საუბარი: შაჰ-აბაზი ცეცხლითა და მახვილით შემოიჭრა კახეთს და მუსრი გაავლო: ციხე-ქალაქები დააქცია, სოფლები ააოხრა.