საგანმანათლებლო კრიზისი საქართველოში
გთავაზობთ ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანის შეფასებას მიმდინარე საგანმანათლებლო კრიზისთან დაკავშირებით:
"პანდემიის პირობებში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა საგანმანათლებლო კრიზისი, რომელიც მსოფლიოს ემუქრება. მსოფლიო ბანკის მიხედვით, 28 მარტისთვის, 1,6 მილიარდი ბავშვი და მოზარდი არ დადის სკოლაში მსოფლიოს მასშტაბით, რაც მოსწავლეთა 80%-ია.
შედარებით უზრუნველყოფილი ოჯახები და სკოლები გაცილებით მარტივად ეწყობიან ონლაინ და დისტანციურ სწავლებაზე, მაგრამ იქ, სადაც ამის საშუალება არ არსებობს, მდგომარეობა ძალიან რთულია.
საქართველოში სასკოლო განათლება რა მდგომარეობაშია ამაზე ახლა აღარ დავწერ. მაგრამ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ხელმისაწვდომობა განათლებაზე და კიდევ უფრო მეტი უთანასწორობის ნაცვლად, შესაძლებლობად ვაქციოთ ეს ამბავი, აუცილებელია ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროცესის უსწრაფესად დასრულება. ყველა ოჯახს და განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეს უნდა ქონდეს კომპიუტერთან ხელმისაწვდომობა.
ჩემი უხეში გათვლებით მოსწავლეთა მინიმუმ 30%-ს არ აქვს მუდმივი წვდომა კომპიუტერზე და შესაბამისი ხარისხის ინტერნეტზე.
ამაზე უკეთეს ინვესტიციას ვერც სახელმწიფო, ვერც კერძო სექტორი ძნელად თუ გააკეთებს.
მოკლედ, ინტერნეტი და კომპიუტერი ყველა სკოლის მოსწავლის ოჯახში უნდა იყოს გადაუდებელი პრიორიტეტის ამოცანა, გათვალისწინებული მოზიდული
დახმარებების მიზნობრიობაშიც."
"მოგეხსენებათ განათლების მიღების უფლება ევროკონვენციით და ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებაა.
საშუალო სკოლებზე სახელმწიფო ყოველწლიურად ხარჯავს 600 მილიონ ლარს. თითქმის ამდენივეს ხარჯავენ მშობლები კერძო რეპეტიტორებთან შვილების მომზადებაში ყოველწლიურად.
დავაზუსტებ, 600 მილიონ ლარს ხარჯავენ მშობლები, ვისაც ამის საშუალება აქვს, იმაში რასაც საშუალო სკოლა უნდა აძლევდეს ყველას.
უკვე სკოლის დამთავრებისას სახეზეა უზარმაზარი სხვაობა ელემენტარული განათლების ხელმისაწვდომობაში სოციალურ ჯგუფებს შორის.
40 ათასი მოზარდი ყოველწლიურად ამთავრებს "სკოლას".
მსოფლიოში არ არსებობს განვითარებული ქვეყანა ისეთი კატასტროფული სასკოლო მაჩვენებლებით როგორიც ჩვენ გვაქვს.
სკოლას უნდა შველა!!!"